გლობალურად უმუშევრობის ბუნებრივ დონედ დაახლოებით 3% ითვლება. საქართველოში კი წლებია შკალაზე გაცილებით მაღალი 17-18% ფიქსირდება.
პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებისა და ეკონომიკის გაჩერების გამო, საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზარდა და რეკორდულად მაღალ 22.1%-ს მიაღწია.
სპეციალისტების აზრით, „ეკონომიკის დუღილის“ მიუხედავად, ასეთი ნიშნული უღარიბესი ქვეყნების მაგალითია და რეგიონში ამ მხრივ საქართველო ლიდერის პოზიციაზეა. რატომ აქვს საქართველოს, რეგიონის მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი უმუშევრობა – ამ კითხვაზე ეკონომისტები ამბობენ, რომ პრობლემის მიზეზი კომპლექსურია.
მიმდინარე წელს სამეზობლოში უმუშევრობის დონის ზრდა მეორე კვარტლის მონაცემებით ასე გამოიყურება – თურქეთში 12%, რუსეთში 4.5%, სომხეთში სავარაუდოდ – 17%, აზერბაიჯანში სავარაუდოდ – 6.1%. ეკონომიკის სპეციალისტების აზრით, თუ ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი არ გაიზარდა და მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა ქმედითი ნაბიჯები არ გადადგა, არ არის გამორიცხული, რომ წლის ბოლოსთვის უმუშევრობის დონე გაიზარდოს.
ალეკო გვეტაძე