მთავარიკუბიTikTok-ის, Snapchat-ისა და YouTube-ის წარმომადგენლების მიმართ სენატში უნდობლობა გამოხატეს

TikTok-ის, Snapchat-ისა და YouTube-ის წარმომადგენლების მიმართ სენატში უნდობლობა გამოხატეს

აშშ-ის სენატში ოთხსაათიანი გამოკითხვის დროს ტექნოლოგიური კომპანიების, TikTok-ის, Snapchat-სა და YouTube-ის წარმომადგენლები ცდილობდნენ, დაემტკიცებინათ, რომ დიდი სხვაობაა მათსა და  სოციალურ ქსელ ფეისბუკს შორის, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში არაერთ სკანდალში გაეხვია და პოლიტიკოსების ყურადღების ცენტრშიც მოექცა.

მოსმენა პროდუქტისა და მონაცემთა უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე მიმდინარეობდა. მთავარი განსახილველი საკითხი იყო, თუ რამდენად იცავენ ბავშვებს ტექნოლოგიური კომპანიები. რამდენიმე კვირის წინ ამავე კომიტეტში გამოკითხეს ფეისბუკის ყოფილი თანამშრომელი ფრენსის ჰაუგენი, რომელმაც ფეისბუკი არაერთ არაეთიკურ გადაწყვეტილებაში დაადანაშაულა.

 

მოსმენის დროს განსაკუთრებით აქტიურობდა სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი. მან აღნიშნა, რომ ისმენენ ერთსა და იმავე ისტორიას, თუ რა ზიანი მოაქვს მოზარდებისთვის სხვადასხვა ტექნოლოგიურ კომპანიას, რომლებიც „ნადირობენ“ მათზე და ამაში საკმაოდ დიდ თანხასაც იღებენ. ბლუმენტალის აზრით, პლატფორმების მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტი მოზარდი მიიზიდონ.

ტექკომპანიების წარმომადგენლები ცდილობდნენ, ესაუბრათ იმ განსხვავების შესახებ, რომელიც მათსა და ფეისბუკს შორის არსებობს. მაგალითად, Snapchat-ის წარმომადგენლის თქმით, Snapchat შეიქმნა იმისთვის, რომ ადამიანები განიკურნონ სოციალურ ქსელზე დამოკიდებულებისაგან და ესაუბრონ მეგობრებს, რომლებსაც პირადად იცნობენ.

საკუთარი  თავის დაცვას Youtube-იც შეეცადა. კომპანიის  ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მათთვის მოგება უსაფრთხოებაზე წინ არ დგას. Youtube, რომელიც Google-ს ეკუთვნის, დიდ ინვესტიციას დებს მომხმარებლების უსაფრთხოებისთვის და ამას პრობლემის წარმოქმნამდე აკეთებენ.

აშშ-ში TikTok-ის წარმომადგენელ მაიკლ ბეკერმანს, რომელიც პირველად წარდგა სენატის წინაშე, ყველაზე მწვავე და რთული კითხვები დაუსვეს, რადგან Tiktok დაკავშირებულია ჩინეთთან. ამ პლატფორმის უსაფრთხოება დიდი ხანია ეჭვქვეშ დგას. ბეკერმანმა აღნიშნა, რომ TikTok-მა უკვე მიიღო ბევრი ისეთი გადაწყვეტილება, რომლებიც პლატფორმაზე მოზარდების დაცვას უზრუნველყოფს.

სენატორებმა განაცხადეს, რომ TikTok-ის ალგორითმი მოზარდ მომხმარებლებს სთავაზობს საზიანო კონტენტს, მაგალითად, წონის დაკლების არაპროფესიონალურ ვიდეოებსა და საშიშ ხუმრობებს.

სენატორმა შტატ ტეხასიდან ტედ კრუზმა აღნიშნა, რომ TikTok-ის წარმომადგენლის პასუხი ყველაზე ბუნდოვანი და საკითხთან შეუსაბამო იყო, რაც კი ოდესმე ამ კომიტეტზე მოუსმენია.

ტექნოლოგიური კომპანიებისა და მათი მხრიდან მოზარდებზე უარყოფით გავლენასთან დაკავშირებით საუბარი მას შემდეგ დაიწყეს, რაც ფრენსის ჰაუგენმა   ფეისბუკი ამხილა. მან განაცხადა, რომ კომპანიამ იცის, მაგრამ არაფერს აკეთებს უარყოფითი ზემოქმედების აღმოსაფხვრელად.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend