მთავარისაქართველო „ვარდისფერი ოქტომბერი“ - ოქტომბერი ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო თვეა

 „ვარდისფერი ოქტომბერი“ – ოქტომბერი ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო თვეა

ძუძუს კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა ქალებში. საქართველოში არსებობს უფასო სკრინინგ ცენტრები, „სკრინინგი“ სიტყვასიტყვით „გაცხრილვას“ ნიშნავს. მისი არსიც ეს არის – ყველა საეჭვო ჩვენების გაცხრილვა და შესაძლო პრობლემების დადგენა. მაგრამ  სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ სამედიცინო ცენტრებს იშვიათად მიმართავენ ქალები.

„ვარდისფერი ოქტომბერი“ ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო თვეა. ექიმები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია, ქალებმა ხშირად მიაკითხონ ექიმს და, რაც მთავარია, ახსოვდეთ, რომ კიბო განაჩენი არ არის.

ქიმიოთერაპია და თმის ცვენა ალიონა დათუაშვილისთვის ახლა უკვე ბუნდოვანი წარსულია. გაზაფხულზე თვითონ აღმოაჩინა, რომ მკერდზე პრობლემა ჰქონდა. შემდეგ იყო მამოგრაფია, ბიოფსია, ანალიზების გადაგზავნა, ლოდინი… ჩაინიშნა ოპერაციაც…

„ეს იყო ავთვისებიანი სიმსივნე, მესამე ხარისხი, პირველი სტადია და ოპერაციაც საჭირო იყო. აი, როგორც ასეთი დიაგნოზის არ შემშინებია საერთოდ, იმიტომ, რომ ბებოს ჰქონდა და ისე ადვილად გადააგორა, სულ მახსოვს, რომ არ იყო ცუდად, კარგად იყო, მხნედ იყო და უშუალოდ დიაგნოზის არ შემშინებია. შემდგომი პროცესების, ოპერაციის, ქიმიოთერაპიის უფრო მეშინოდა“, – ამბობს ალიონა დათუაშვილი.

ალიონა დათუაშვილმა ამ პერიოდში ბევრ რამეს სხვანაირად შეხედა. ამბობს – მთავარია, მხნედ იყო და არ შეგეშინდესო.

„მეუღლე ცოტა დაიბნა, მაგრამ მალევე თავი ხელში აიყვანა, მიფრთხილდებოდა. ყველანაირად – მორალურად, ფსიქოლოგიურად, ფინანსურად, სულ მხარში მიდგას. ქიმიის პროცესების მერეც, ბავშვებიც ჩვეულებრივად. უფრო მათ გამოც ვიყავი მხნედ, უფროსი გოგო მყავს და თმა რომ გადავიპარსე, ჭკუაზე არ იყო ჩემი შვილი და იყო ასეთი კარგი დღეებიც ამ დღეების განმავლობაში და ვიფერადებდით“, – აღნიშნავს ალიონა დათუაშვილი.

ძუძუს კიბო საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 2020 წლის მონაცემების მიხედვით, სარძევე ჯირკვალზე 1 500 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 2019 წელს კი 1629 იყო. სკრინინგული პროგრამა საქართველოში 2008 წელს დაიწყო. მას შემდეგ  ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ქალი მიმართავს ექიმს. თუმცა ჯანდაცვის სპეციალისტები ამბობენ, რომ სკრინიგი ყველა ქალს სჭირდება, მაგრამ ისინი ძალიან პასიურობენ და ეს განსაკუთრებით  პანდემიის დროს შეიმჩნევა.

„სამიზნე მოსახლეობის დაახლოებით 70% მაინც უნდა იყოს მოცული იმისათვის, რომ შედეგი, გამოწვეული ამით, სიკვდილიანობის შემცირებით, ტვირთის შემცირებით ჯანდაცვის სისტემაზე და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიღწევები გახდეს ნათელი. თუმცა, ყოველდღიურად ეროვნულ სკრინინგ ცენტრში საშუალოდ მომართვიანობა, თითოეულ მის ფილიალში, და ფუნქციონირებს ოთხი ფილიალი, არის საშუალოდ 60 ადამიანი. ეს არის საშუალოდ დღეში 200 ადამიანის ფარგლებში. ასევე ძუძუს კიბოს სკრინინგის ცენტრში მომართვისათვის ქალს არ უნდა ჰქონდეს არანაირი ჩივილი. საკმარისია – ის არის ქალი და ის არის 40-დან 70 წლამდე – ეს არის მიზეზი იმისათვის, რომ მოვიდეს მამოგრაფიულ სკრინინგზე“, – აცხადებს რადიოლოგი თამარ ჩარკვიანი.

ექიმები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია, ყველა ქალი წელიწადში ერთხელ მაინც იტარებდეს კვლევებს. მათივე თქმით, შემთხვევათა 70%-ში ის კვანძოვანი წარმონაქმნები, რომლებიც შესაძლოა, ქალმა თვითგასინჯვით აღმოაჩინოს კეთილთვისებიანია. ამიტომ მოუწოდებენ, რომ არც ერთ შემთხვევაში არ შეეშინდეთ და არ გადადონ ექიმებთან მისვლა.

„ძუძუს კიბო არ არის განაჩენი, ძუძუს კიბო არის სერიოზული დაავადება, დიაგნოზი, თუმცა ჩვენ ამას არ ვეპუებით. უკანასკნელი 20-30 წლის განმავლობაში ჩვენს არსენალში არსებული საშუალებებით ჩვენ ამ დაავადებას ძალიან ეფექტურად ვებრძვით. დღეს თითქმის წარსულს ჩაბარდა ისეთი ოპერაციები, რომელთა დროსაც ქალი კარგავდა სარძევე ჯირკვალს, ჩემი ოპერაციების თითქმის 70-80% მოდის ორგანოშემანარჩუნებელ ონკოპლასტიკურ ოპერაციებზე. თუმცა, ძუძუს დაკარგვის შემთხვევაშიც, ერთ მომენტად არის შესაძლებლობა, ჩვენ შევასრულოთ აღდგენით-რეკონსტრუქციული ოპერაციები, დღეს გაიზარდა მედიკამენტოზური მკურნალობის არსენალი“, – აღნიშნავს თსსუ-ის პროფესორი, ონკოპლასტიკური ქირურგი ირაკლი კოხრეიძე.

ძუძუს კიბო განაჩენი არ არის. სიმსივნე უკვე დაამარცხა ალიონა დათუაშვილმაც. მათთვის, კი ვინც ამ დიაგნოზს ახლა ებრძვის, ერთი სათქმელი აქვს: – „მინდა, ყველას ვუთხრა, რომ სულ უკან დარჩება ეს ქიმიოთერაპიაც, ის სხივურიც, ის თმის ცვენაც. ამოვა თმაც, წარბიც, წამწამიც და ყველაფერი იქნება ძალიან მაგრად“…

ანა ალელიშვილი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend