9 მილიონი ავღანელი შესაძლოა შიმშილის წინაშე აღმოჩნდეს – ავღანეთის მოსახლეობის ნახევარზე მეტს, დაახლოებით 22.8 მილიონ ადამიანს საკვების ნაკლებობა ემუქრება, 5 წლამდე ასაკის 3.2 მილიონ ბავშვს კი – არასაკმარისი კვება. ამის შესახებ მსოფლიო სასურსათო პროგრამის განცხადებაშია ნათქვამი.
თითქმის 23 მილიონი ავღანელი იბრძვის კონფლიქტის, გვალვისა და ეკონომიკური კრიზისის გამო, რაც მძიმედ აისახება საარსებო წყაროებზე და ხალხისთვის საკვების ხელმისაწვდომობაზე.
მას შემდეგ, რაც “თალიბებმა” ძალაუფლება მოიპოვეს, საერთაშორისო ფონდები, რომლებიც მხარს უჭერდნენ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას დაფინანსება შეაჩერეს, რადგან ახლა მსოფლიოს ლიდერები მსჯელობენ იმაზე, თუ როგორ ითანამშრომლონ ავღანეთის ახალ ხელისუფლებასთან.
,,ავღანეთში ახლა მსოფლიოში ერთ-ერთი მძიმე, ან, შესაძლოა, უმძიმესი – ჰუმანიტარული კრიზისია. 9 მილიონი ადამიანი, რომელიც ახლა მე-4 კატეგორიას მიეკუთვნებიან, თუ მე-5 კატეგორიას გადალახავენ მაშინ შესაძლოა სიკვდილიანობა გაიზარდოს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ეს უნდა ვაღიაროთ და ვიმოქმედოთ“, – აცხადებს მსოფლიო სასურსათო პროგრამის აღმასრულებელი დირექტორი ჰსიაო-ვეი ლი.
ავღანეთში კრიზისის დასაძლევად რესურსების უპრეცედენტო მობილიზებაა საჭირო. სექტემბერში საერთაშორისო საზოგადოებამ ავღანეთისთვის დახმარების სახით მილიარდ დოლარზე მეტის გამოყოფის პირობა დადო, თუმცა მსოფლიო სასურსათო პროგრამაში აცხადებენ, რომ ეს მინიმალურია და მდგომარეობის გამოსასწორებლად თვეში დაახლოებით 190 მილიონი ევროა საჭირო.