კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების გამო გუშინ ლატვიაში მორიგი საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა. ლატვიაში, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე ნაკლები ადამიანია ვაქცინირებული. კარანტინი 15 ნოემბრამდე იმოქმედებს. არ შეიზღუდება მხოლოდ ძირითადი პროდუქტების წარმოება, მშენებლობა და საგანგებო მნიშვნელობის მქონე სამსახურების მუშაობა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გამო რიგის 2 ყველაზე დიდ საავადმყოფოში საწოლები დაამატეს.
ლატვიის პრემიერ-მინისტრმა კრიშიანის კარინშმა მოუწოდა ყველა აცრილ ადამიანს, მოემზადონ იმ ტვირთისთვის, რომლის ატანაც ასე უსამართლოდ უწევთ. მისი თქმით, ქვეყანაში კარანტინის დაწესება აუცილებელია, რადგან ბევრი ადამიანია აუცრელი.
ბოლო ინფორმაციით, ლატვიელების მხოლოდ 54%-ია სრულად ვაქცინირებული, რაც ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე – 74%-ზე ბევრად ნაკლებია.