მთავარისაქართველოპოდკასტი - მათთვის, ვისაც ამბის მოსმენა უყვარს

პოდკასტი – მათთვის, ვისაც ამბის მოსმენა უყვარს

ტელევიზიის პოპულარობასთან ერთად, ერთხანს, თითქოს უკანა პლანზე გადავიდა აუდიოთხრობისადმი ინტერესი. მაგრამ ბოლოხანს აუდიოამბები, იგივე პოდკასტები, ისევ ძალიან პოპულარული გახდა. ისინი ძალიან ბევრ და საინტერესო  თემაზე იქმნება. ზოგი ინტერვიუს სახით არის ჩაწერილი, ზოგი – მონოლოგია. პოდკასტები ნელ-ნელა საქართველოშიც იკიდებს ფეხს. უკვე გვყავს ქართველი პოდკასტერები, თუმცა ისინი ამბობენ, რომ ჯერჯერობით მათ ბევრი მსმენელი არ ჰყავთ.

რამდენიმე წელია, მარიამისთვის პოდკასტების მოსმენა ყოველდღიურობის ნაწილად იქცა. პოდკასტი აუდიო ჩანაწერებია ათას თემაზე, და თუ ადრე ასეთი მასალის მოსმენა მხოლოდ რადიოთი იყო შესაძლებელი, ახლა შეგიძლია, ნებისმიერი კომპიუტერული მოწყობილობა ჩართო და უსმინო – გზაში ხარ თუ სხვა საქმეს აკეთებ. მარიამი პოდკასტებს ძირითადად  ინგლისურ ენაზე უსმენს. მისთვის საინტერესო თემები მენტალურ ჯანმრთელობასა და პიროვნულ თვითგანვითარებას შეეხება.

“მთავარი მიზეზი, რის გამოც პოდკასტები მომწონს, არის ის, რომ შემიძლია ორი საქმე ერთდროულად ვაკეთო. როდესაც ისეთ რაღაცაზე ვმუშაობ, რაც ჩემს სრულ ყურადღებას არ მოითხოვს, თან ყოველთვის  ჩართული მაქვს პოდკასტი. მისი საშუალებით ვიღებ ინფორმაციას, ან ვერთობი. გზაში, როდესაც მუსიკის მოსმენა არ გინდა, ძალიან კარგი ალტერნატივაა იმისთვის, რომ რაღაც ისწავლო, რომელიმე საკითხზე ახალი გაიგო“, – ამბობს მარიამ ფაილოძე.

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, 2021 წლის ივლისში მსოფლიოში 2 მილიონზე მეტი პოდკასტი არსებობს… ეპიზოდების რაოდენობა კი 48 მილიონს აღემატება, რაც წინა წლის მონაცემთან შედარებით გაორმაგებული მაჩვენებელია.

“პოდკასტები სულ ასეთი პოპულარული არ იყო. 2000-იანებში ტექნოლოგიაც არ იყო ისე განვითარებული. 2013 წლიდან გამოჩნდა პოდკასტი სახელად „This American Life” , რომელიც ჯერ რადიო გადაცემა იყო და შემდეგ გახდა პოდკასტი. იმდენად საინტერესო აღმოჩნდა ამერიკელი აუდიტორიისთვის, რომ ზოგადად ეს მიმდინარეობა გახადა პოპულარული“, -ამბობს პოდკასტერი გიორგი გოგუა.

გიორგი გოგუა პოდკასტების აქტიური მსმენელია და რამდენიმე თვეა, თავადაც აკეთებს აუდიოჩანაწერებს. ამბობს, რომ ჯერჯერობით, ამ სფეროში ქართული პროდუქტის სიმწირეა და რაც იქმნება, იმასაც ცოტა მსმენელი ჰყავს.

„ჩვენთან (საქართველოში) მაინცდამაინც ბევრი პოდკასტი არ არის. თითებზე ჩამოსათვლელია. მგონია, რომ აუდიტორია ამ ფორმატს ჯერჯერობით  მიჩვეული არ არის. მაგრამ რაც მეტი გაჩნდება და, რაც უფრო წინ წამოწევს პოდკასტების მიმდინარეობას მედია, ხალხიც უფრო დაინტერესდება“, – მიიჩნევს გიორგი გოგუა.

ნიკო ნერგაძემ პოდკასტების ჩაწერა 5-6 წლის წინ დაიწყო. მისი ჩანაწერები ძირითადად პოპ-კულტურას შეეხება. ნიკოს პოდკასტები კვირაში ორჯერ გამოდის. როგორც ამბობს, ყველაზე პოპულარულ ჩანაწერებს რამდენიმე ათასი მსმენელიც ჰყოლია.

„თითქოს ეს ბევრი არ არის ვიდეოსთან შედარებით, თუმცა თითო ეპიზოდი დაახლოებით ერთსაათიანია. რამდენიმე ათასმა ადამიანმა თუ ერთი საათი გისმინა, თან პოდკასტს როგორც წესი, ყურსასმენებში უსმენენ. რაც მას უფრო პერსონალურს ხდის, ვიდრეს რამის ტელევიზორში ყურებაა. თითქოს ერთი ერთზე გელაპარაკება სპიკერი. რადიოსაც ეგ თვისება ჰქონდა და პოდკასტი თითქოს კიდევ უფრო შენი ხდება“, – ამბობს პოდკასტერი ნიკო ნერგაძე.

პოდკასტერები ვარაუდობენ, რომ დროთა განმავლობაში ქართულ ენაზე უფრო მრავალფეროვანი შინაარსის პოდკასტები შეიქმნება და  პოდკასტის კულტურაც მეტად დამკვიდრდება საქართველოში.

ნინი დვალიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend