ბელარუსის ხელისუფლება იმ ტელეგრამარხების გამომწერების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას აპირებს, რომლებიც მთავრობამ ექსტრემისტულად დაასახელა. „გავრცელება, ანუ რეპოსტი, ექსტრემისტული მასალების შენახვა და ექსტრემისტული რესურსების გამოწერა კანონით დაისჯება“, – აღნიშნულია ბელარუსის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ოფიციალურ ტელეგრამარხზე.
თავის განცხადებაში უწყება ეყრდნობა 12 ოქტომბერს მიღებულ ცვლილებას იმ კანონში, რომელიც ექსტრემიზთან ბრძოლას ეხება. კანონი 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, თუმცა თავად უწყებაში აღნიშნავენ, რომ აკრძალული რესურსების გამოწერის გამო მოქალაქეებს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის უწყებამ გამოაქვეყნა ტელეგრამარხების სიაც. ეს არხები ძირითადად ოპოზიციას უჭერენ მხარს, მათ შორის არის Nexta, რომელთა ადმინისტრატორებს ბელარუსის ხელისუფლება ტერორიზმში სდებს ბრალს.
ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში სიაში არსებული ექსტრემისტული არხებიდან მასობრივად დაიწყეს გამოწერის გაუქმება. მაგალითად, არხ Nexta-ს, რომელსაც 2 მილიონი გამომწერი ჰყავდა, გამოწმერთა რაოდენობა ერთი დღის განმავლობაში 900 ათასამდე ჩამოვიდა. მას შემდეგ, რაც ბელარუსში გაითიშა სოციალურ ქსელებზე წვდომა და მხოლოდ ტელეგრამი მუშაობდა, Nexta ყველაზე აქტიურად აშუქებდა გასულ წელს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციებს. ექსტრემიზმად ბელარუსში განიხილება საქმიანობა, რომელიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს.
ექსტრემიზმად ითვლება ასევე ხელისუფლების წარმომადგენლების შეურაცხყოფა და ქვეყნის მდგომარეობის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელება.