მთავარი საქართველო აქციის მონაწილეები მესამე პრეზიდენტის ციხიდან გათავისუფლებას მოითხოვენ

აქციის მონაწილეები მესამე პრეზიდენტის ციხიდან გათავისუფლებას მოითხოვენ

ათასობით მოქალაქე თბილისში, თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე შეიკრიბა. დემონსტრანტები მესამე პრეზიდენტის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ.

“ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებულ აქციას რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეებიც შეუერთდნენ.

დემონსტრანტთა ნაწილი ორბელიანის და რესპუბლიკის მოედნებზე შეიკრიბა, შემდეგ კი მათ თავისუფლების მოედანზე მსვლელობით გადაინაცვლეს.

“დღეს ისტორიული დღეა. ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა. მან ჩვენთვის გაწირა თავი, ჩამოვიდა საქართველოში ჩვენთვის, ჩვენი თავისუფლებისათვის”, – ამბობს აქციის მონაწილე ირმა უდესიანი.

“ხალხმა უნდა იგრძნოს, რომ მეორე ტურში თითოეული ჩვენგანი ხმა მნიშვნელოვანია. მიხეილ სააკაშვილი ამ სისტემისა და რეჟიმის მსხვერპლია”, – ამბობს ნინო გიორგაძე აქციის მონაწილე.

შეკრებილებს მესამე პრეზიდენტის წერილი მისმა ადვოკატმა და „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ წაუკითხა. როგორც სააკაშვილი ამბობს, საზოგადოებას და ქვეყანას სჭირდება დიდი შერიგება და ამისთვის ყველა მზად უნდა იყოს.

“ამდენი ხალხი ბოლოს როდის იყო თავისუფლების მოედანზე?! ეს ნიშნავს იმას, რომ ქართველი ხალხის მოთმინების ფიალა აივსო. ისინი მეტს აღარ მოითმენენ.. აღარ მოითმენენ იმ უსამართლობას, რომელიც ქვეყანაშია გამეფებული”, – განუცხადა “ევრონიუს ჯორჯიას” “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა ზაალ უდუმაშვილმა.

“მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა. თუმცა მთავარი მოთხოვნა საქართველოს გათავისუფლებაა იმგვარი რეჟიმისგან, რომელიც იყენებს სასამართლოს, პროკურატურასა და სუსს, პოლიციას პოლიტიკური დევნისათვის“, – ამბობს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ბარამიძე.

“ამ აქციის მთავარი მოთხოვნა არის პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, სამართლიანი სასამართლო, დეპოლიტიზაცია სამართალდამცავი სტრუქტურებისა და ზოგადად, ქვეყნის პროგრესი გვსურს”,  -განაცხადა სერგო ჩიხლაძემ, “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა.

აქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას სიტყვით გამოსვლის შემდეგ დასრულდა.

“მიხეილ სააკაშვილს მინდა მივმართო – მიშა, შენ მორალურად უკვე გაიმარჯვე, მორალურად ხარ უკვე გამარჯვებული და აი, როგორც გაიმარჯვე ასევე ეს ქვეყანა გათავისუფლდება მარწუხებისგან და მიტაცებულ სახელმწიფოს ხალხს დავუბრუნებთ – ეს არის მიხეილ სააკაშვილის გეგმაც, ეს არის ყველა პატიოსანი ღირსეული საქართველოს მოქალაქის გეგმა. ჩვენ არ გვინდა ვიღაცის დამარცხება, ჩვენ გვინდა გამარჯვება, ჩვენ გვინდა, რომ ქვეყანაში იცხოვრებოდეს და ბევრი ბედნიერი, ლაღი ადამიანი ცხოვრობდეს. ამიტომ ვიბრძვით, ამიტომ ზვარაკად ვეწირებით, ამიტომაც გადადგა ასეთი ნაბიჯი მიხეილ სააკაშვილმა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში მეცამეტე დღეა შიმშილობს. ის 1 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს თბილისში დააკავეს.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend