მთავარი მსოფლიო ევროპა კოსოვოსა და სერბეთს შორის კვლავ დაპირისპირებაა

კოსოვოსა და სერბეთს შორის კვლავ დაპირისპირებაა

კოსოვოსა და სერბეთს შორის კვლავ დაძაბული ვითარებაა. კოსოვოს სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლებსა და ეთნიკურ სერბებს შორის დაპირისპირების მიზეზი პოლიციის მიერ კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში სპეცოპერაციის ჩატარება გახდა.

დაპირისპირების შემდეგ მალევე სერბეთის ხელისუფლებამ საერთაშორისო საზოგადოებას და რეგიონში მოქმედ ნატოს სამშვიდობო მისიის ხელმძღვანელობას რეაგირებისაკენ მოუწოდა.

სერბეთის პრეზიდენტის განცხადებით, კოსოვოს ტერიტორიაზე ეთნიკურ სერბებს საერთაშორისო საზოგადოება თუ ვერ დაიცავს ამას ბელგრადი გააკეთებს.

“თქვენს მიერ დასმულ კითხვაზე ჩემი პასუხი შემდეგია, ამ ბრძოლაში კოსოვოში ჩვენი შვილების უსაფრთხოება უნდა დავიცვათ, მათი გადარჩენა უნდა ვუზრუნველყოთ ჩვენ ამას გავაკეთებთ. დღეს კი მე პირველად გეტყვით, დარწმუნებით გეტყვით, რომ ჩვენ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ”, –  განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა.

პოლიციასთან შეტაკებისას 10 სამართალდამცველი და ერთი ეთნიკური სერბი დაშავდა. რვა ეთნიკური სერბი და ალბანელი კი პოლიციამ დააკავა. კოსოვოს შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, სპეცოპერაცია არც ერთი ეთნოსის წინააღმდეგ მიმართული არ იყო.

”ოპერაცია კოსოვოს ტერიტორიაზე მოქმედი კრიმინალების წინააღმდეგ ჩატარდა. მსურს, გითხრათ, რომ ამ საქმეზე მომუშავე პროკურორი წარმოშობით სერბია, ისევე როგორც მოსამართლე. ამ რეგიონში ჩვენი პოლიციის შემადგენლობის დიდი ნაწილიც ეთნიკურად სერბია. დაკავებულთა უმეტესობა კი ეთნიკურად ალბანელი. გამომდინარე აქედან, ვერავინ იტყვის, რომ სახელმწიფო სტრუქტურები რეპრესიებს ატარებენ”, – აცხადებს კოსოვოს შინაგან საქმეთა მინისტრი ქსელალ სვეცლა.

კოსოვომ დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. 1998-99 წლებში კი რეგიონში ომი მიმდინარეობდა. კონფლიქტში ნატოს ჯარების ჩარევის შემდეგ სერბმა ჯარისკაცებმა რეგიონიდან უკან დაიხიეს.

ევროკავშირის მეთაურობით მიმდინარე დიალოგის მიუხედავად კოსოვოსა და სერბეთს შორის ურთიერთობები დაძაბული რჩება.

უახლესი

სხვა ამბები

კოსოვოკოსოვო

Send this to a friend