მთავარი გადაცემები კუბი ჯანმო დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე მოქალაქეებისთვის მესამე დოზის რეკომენდაციას გასცემს

ჯანმო დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე მოქალაქეებისთვის მესამე დოზის რეკომენდაციას გასცემს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტრატეგიული კონსულტაციის გუნდი აღნიშნავს, რომ კოვიდ 19-წინააღმდეგ მესამე დოზის მიღება შესაძლებელია ნებისმიერი ვაქცინით, რომელსაც ლიცენზია აქვს მიღებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან.

ამასთან, ჯანმოს რეკომენდაციით, მესამე დოზა უნდა შესთავაზონ ადამიანებს, რომლებსაც დასუსტებული იმუნური სისტემა აქვთ, რადგან ისინი რისკის ჯგუფში არიან და მათ შემთხვევაში სტანდარტული ვაქცინაცია შესაძლოა, არ იყოს საკმარისი.

საკონსულტაციო გუნდი ცალკე განიხილავს ჩინური „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ აცრილ 60 წელს გადაცილებულ პირთა საკითხს. მათ ჯანმო ურჩევს, რომ მეორე დოზის მიღებიდან 1-3 თვეში მიიღონ  მესამე დოზა იმ შვიდი ვაქცინიდან, რომლებიც ორგანიზაციისგან არის დამტკიცებული.  ექსპერტების ეს რჩევა ეფუძნება ლათინურ ამერიკაში ჩატარებულ კვლევას, რომლის მიხედვით, 60 წელს გადაცილებულ ასაკობრივ ჯგუფში ჩინური ვაქცინების ეფექტიანობა დროთა განმავლობაში საგრძნობლად მცირდება.

ჯანმოს ექსპერტების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ რეკომენდაციის შესრულების შემთხვევაში,  ქვეყნების მთავრობები მაქსიმალურად  უნდა შეეცადონ, უზრუნველყონ 60 წელს გადაცილებული ადამიანების ორმაგი დოზით აცრა, შემდეგ კი დაუნიშნონ მესამე დოზა.

მესამე დოზებთან დაკავშირებით მსჯელობა ორგანიზაციაში დიდი ხნის განმავლობაში მიმდინაროებს. ჯანმო ცდილობს, განასხვაოს თავისი რეკომენდაცია სხვა ქვეყნების დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციისგან და აშშ-ის, ისრაელისა და ევროპის ზოგიერთი ქვეყნისგან განხვავებით, მესამე დოზას ე.წ. „ბუსტერს“ არ უწოდებს.  ჯანმოს წარმომადგენელთა თქმით, ე.წ. „ბუსტერ დოზების“ პროგრამა გათვალისწინებულია უკვე ჯანმრთელი ადამიანების იმუნიტეტის გასაუმჯობესებლად, ისინი კი ძლიერი იმუნიტეტის მქონე პირებისთვის ასეთ რეკომენდაციას არ გასცემენ.

სექტემბერში ჯანმოს დირექტორი ტედროს გებრეიესუსი აცხადებდა, რომ მსოფლიოში გამოყენებულია 5 მილიარდზე მეტი ვაქცინა, რომლის მხოლოდ 2% მოდის აფრიკის ქვეყნებზე. ამიტომ მათი თქმით, ე.წ. „ბუსტერ დოზები“ არ უნდა ამოქმედდეს, სანამ არ დაბალანსდება განსხვავება მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის.

11 ნოემბერს ექსპერტების სტრატეგიული გუნდი ე.წ. „ბუსტერ დოზების“ ყველა გლობალურ მონაცემს შეისწავლის. საბოლოო ანგარიში დეკემბერში გამოქვეყნდება.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend