მთავარისაქართველოთბილისში არსებული 186 საბავშვო ბაგა-ბაღიდან კორონავირუსის გამოვლენის გამო 55 დაკეტილია

თბილისში არსებული 186 საბავშვო ბაგა-ბაღიდან კორონავირუსის გამოვლენის გამო 55 დაკეტილია

თბილისში არსებული 186 საბავშვო ბაგა-ბაღიდან, 11 ოქტომბრის დილის მონაცემებით, კორონავირუსის გამოვლენის გამო 55 დაკეტილია. “ევრონიუს ჯორჯიასთან” საუბარში თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა  განაცხადა, რომ სააღმზრდელო დაწესებულებები 12 დღის განმავლობაში იქნება დახურული.

გახსნამდე კი ყველგან ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები და დაიტესტებიან თანამშრომლები. რაც შეეხება სკოლებს, ერთ კვირაში სწავლების დისტანციურ ფორმატზე საქართველოში 7 სკოლა და 90 ცალკეული კლასი გადავიდა.

„დელტა” შტამის გავრცელებას ახასიათებდა ის თავისებურება, რომ ბავშვთა ასაკში მისი გავრცელება იყო უფრო თვალსაჩინო. გასულ კვირას ვაქცინაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, დავიწყოთ ვაქცინაცია 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვს აქვს რაიმე თანხმლები ქრონიკული დაავადება. ეს იქნება პირველი საწყისი ეტაპი. შემდეგ ბუნებრივია, საბჭო დააკვირდება ჩართულობას, ასევე შედეგებს, ზოგადად გლობალურ რეკომენდაციებს და შემდეგ გადაწყვეტილება იქნება იმის მიხედვით, რამდენად სწრაფად მოვახდენთ ვაქცინაციის პროცესის გაფართოებას“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის გამოსავლენად 17 ათასზე მეტი ტესტი ჩატარდა, საიდანაც ვირუსი 1 530 ადამიანს გამოუვლინდა.

ქვეყანაში კი კოვიდკლინიკებში ინფიცირებულთა მისაღებად 8800 საწოლია მობილიზებული, მათგან 4500 უკვე დაკავებულია.

დღევანდელი მონაცემებით 280 პაციენტი რეანიმაციაში იმყოფება, 1000-მდე პირი კი ინტენსიურ განყოფილებაში. კლინიკებში პაციენტების რაოდენობა ოქტომბრის დასაწყისისგან განსხვავებით, დაახლოებით 300-ით არის გაზრდილი.

„ეპიდემიოლოგიური პარამეტრები ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გარკვეულწილად ისევ ხდება საყურადღებო. შემთხვევების მატებასთან გვაქვს საქმე. ოქტომბრის დასაწყისთან შედარებით დაახლოებით 300 ერთეულით არის გაზრდილი კლინიკებში პაციენტების რაოდენობა, რაც ბუნებრივია, ძალიან საყურადღებოა“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

„სამწუხაროდ, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ვირუსის ბუნებიდან გამომდინარე ცოტა ადრე დაიწყო, რასაც სამწუხაროდ არ ველოდით. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს კონტროლის მექანიზმების ხელიდან გაშვება ძალიან სახიფათოა და მას ჩვენ პარალელურად ინტენსიური იმუნიზაციის პროცესი უნდა დავაწიოთ“, – თქვა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველოში ეპიდემიის გავრცელების რისკები იმატებს, ვაქცინაციის ტემპი კი შენელებულია. მათივე განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეები დროულად აიცრან და აცრის პროცესი არ გადაავადონ.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend