საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევასთან დაკავშირებით საქართველოს სამძიმარს უცხადებენ საელჩოები. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თავის ფეისბუკზე წერს:
„ჩვენი საელჩოს საზოგადოებას მუდამ ემახსოვრება დაშავებულები, დაკარგულები და დაღუპულები. მივესალმებით მაშველებს, რომლებიც სიცოცხლის გადასარჩენად და მეტი ადამიანის დასახმარებლად დაუღალავად მუშაობენ“.
„შეძრწუნებული ვართ ბათუმში მომხდარი ტრაგედიით, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. თანავუგრძნობთ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს. გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ დაშავებულებს. ქედს ვიხრით ყველა იმ ადამიანის ძალისხმევის წინაშე, რომლებიც ამ წუთებამდე მუშაობენ ტრაგედიის ადგილზე“, – ნათქვამია ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში.
პოსტს აქვეყნებს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც: „ღრმა სამძიმარს ვუცხადებთ ბათუმში შენობის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილი მოქალაქეების ოჯახებსა და მეგობარი საქართველოს მოსახლეობას. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“.
„ჩემი ფიქრები და ლოცვა მიმართულია დამწუხრებული ბათუმისკენ. შენობის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და მადლიერებას გამოვხატავ მამაცი სამაშველო ჯგუფების მიმართ“, – ნათქვამია ღასან ხალილის მიერ ტვიტერის საშუალებით გამოქვეყნებულ სამძიმრის წერილში.
“მონაწილე ვარ საქართველოს მოქალაქეების გლოვისა. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ ბათუმში ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს”, – წერს კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში.
ბათუმში კორპუსის ჩამონგრევას ეხმიანება საქართველოს სახალხო დამცველი.
„ბათუმში მომხდარმა საზარელმა ფაქტმა ცხადყო, რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფო რეგულაციების გამკაცრება, უკანონო მშენებლობების აღმოფხვრა და ზედამხედველობა, ასევე სამოქალაქო პასუხისმგებლობა.
ჯერჯერობით უცნობია იმ დიდი ტრაგედიის მიზეზები, რომელიც შესაძლოა, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო დაუდევრობას გამოეწვია. სწორედ ამიტომ თითოეული
მოქალაქის ვალია, სიფრთხილე გამოიჩინოს და არ იმოქმედოს მხოლოდ საკუთარი ინტერესებით, რაც რისკის ქვეშ დააყენებს მასაც და გარშემო მყოფებსაც.
იმედს გამოვთქვამ, რომ გამოძიება დროულად და ეფექტიანად წარიმართება,“ – წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.
ბათუმის ტრაგედიის შემდეგ სოციალურ ქსელში ქვეყნდება პოსტები ჰეშთეგით „ჩემი სახლი ავარიულია“, რომლის ქვემოთაც მოქალაქეები დებენ საცხოვრებელი სახლების ფოტოებს, რომლებზეც სხვადასხვა პრობლემაა ასახული.
შეგახსენებთ, რომ კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე სამი ადამიანია დაკავებული. პროკურატურა აცხადებს, რომ მათ ბრალად ედებათ მზიდი და არამზიდი კედლების მოშლა, რითიც დაირღვა საცხოვრებელი კორპუსის სიმტკიცე და მდგრადობა და გამოიწვია ნგრევა. გარდაიცვალა 9 ადამიანი, რომელთაგან 3 არასრულწლოვანია.