მთავარი საქართველო „სახლზე ფიქრი ზღაპარს ჰგავს“

„სახლზე ფიქრი ზღაპარს ჰგავს“

რაჭაში, სოფელ შუა შქმერში ცხოვრობს მარტოხელა მოხუცი, რომელიც 30 წელია ერთი ოთახის აშენებაზე ოცნებობს. დანაზოგი გააკეთა და მშენებლობა დაიწყო, თუმცა რამდენიმე წლის ნაგროვები თანხა მხოლოდ 3 კედლისთვის ეყო. მისი ოცნების სახლს – სახურავი, ფანჯრები და კარი ისევ არ აქვს.

85 წლის კაზდო გლოველს სოფელ ხარისთვალში სახლი 1991 წელს, რაჭაში მომხდარმა მიწისძვრამ დაუნგრია, მალევე კი ოჯახის წევრებიც დაკარგა. მას შემდეგ უსახლკაროა – საქართველოს კონსტიტუციაში ვკითხულობთ ჩანაწერს – „სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ასევე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე“ – თუმცა საქართველოს მთავარი კანონის ამ მუხლმა 85 წლის მოხუცის ცხოვრება ვერ შეცვალა. კაზდო გლოველის ამბის გაგებაში მედიაპორტალის, „მთის ამბების“ რეპორტიორები დაგვეხმარნენ.

„აქ რომ სახურავი იყოს, ღუმელს დავდგამდი და თბილად ვიქნებოდი. ამ კედლებში სიცივე კი აღარ შემოვიდოდა. მერე კარ-ფანჯრებს გავაკეთებდი და კედლებს ნელ-ნელა გავლესავდი. სახლი მექნებოდა ბებო… ზღაპრებია ჩემს თავში“ – 30 წელია კაზდო გლოველისთვის ბეტონის კედლებზე, ფანჯრებსა და სახურავზე ფიქრი ზღაპარს ჰგავს. რეალობა კი სხვაა – პატარა ქოხი რაჭის სოფელ შუა შქმერში, რომელსაც მოხუცი ზამთარში ვერაფრით ათბობს.

„აქ როგორ ვარ და პალტო მაცვია, წინდები მაცვია, ბოტები მაქვს, წყალს ვადუღებ და „გრელკებს“ ვიდებ ლოგინში. მაქვს თბილი ადიელები, თუ ესენი არ დავიფარე, გავიყინები… ზამთარში შეიძლება თოვლი ისეთი დიდი არ იყოს, მაგრამ ქარი იცის ისეთი, რომ კარს ვერ გააღებ. რამდენი სახლია დატოვებული უპატრონოდ, სიცივეს გაექცნენ. 300 კომლი იყო სოფელში“, – ამბობს კაზდო გლოველი.

თითქმის უმეზობლოდ დარჩენილს ზამთრის ქარ-ბუქში სხვებთან უწევს თავი შეაფაროს – არავინ ეხმარება. ერთი ოთახის აშენება 85 წლის მოხუცისთვის დაუჯერებელ ამბად იქცა..

„მე ვის ვახსოვარ საერთოდ? სად ვარ შეყუჟული და ცოცხალი ვარ თუ მკვდარი, ვინ მიყურებს? სოფელი ღარიბია და თუ ისეთი ორგანიზაცია არსებობს, რომ ვინმემ იკითხოს ჩემი ცხოვრება, არ ვიცი…“ – კაზდო გლოველი.

ნანუკა მეშველაშვილი

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend