მთავარისაქართველოსაქართველოში 50 წელს გადაცილებულებს "ბუსტერ დოზით" აცრა შეუძლიათ

საქართველოში 50 წელს გადაცილებულებს “ბუსტერ დოზით” აცრა შეუძლიათ

კითხვას, თუ რატომ არ ეთანხმებიან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს საკოორდინაციო საბჭოს სხვა წევრები, რომ ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს, ამირან გამყრელიძე ხელით ანიშნებს, რომ არ იცის და ამბობს: „უკომენტაროდ.“

თუმცა ამ საკითხისგან განსხვავებით, დღეს, 7 ოქტომბერს, იმუნიზაციის საბჭოს წევრები შეთანხმდნენ, რომ ვაქცინის მესამე, ე.წ. „ბუსტერ დოზით“ აცრან 50 წელს გადაცილებული მოქალაქეები, ქრონიკული დაავადებების მქონე ნებისმიერი ასაკის პირები და მაღალი რისკის მქონე პროფესიის წარმომადგენლები. ე.წ. „ბუსტერ დოზის“ მისაღებად მეორე აცრიდან 6 თვე მაინც უნდა იყოს გასული.

„ბოლო პერიოდის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტროს არაერთმა მოქალაქემ მიმართა, მათ, ვისაც უცხოეთში მოგზაურობა უწევს სხვადასხვა მიზნით. ეს მოქალაქეები ითხოვენ იმ ვაქცინით აცრას, რომელიც აღიარებულია ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამის გამო მათთვის განმეორებითი ვაქცინაცია მნიშვნელოვანია. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციის თანახმად, განსხვავებული ვაქცინით აცრა დასაშვებია პირველი ვაქცინაციის სრული კურსის დასრულებიდან 28 დღის შემდეგ. ჩვენს შემთხვევაშიც ამ რეკომენდაციას გამოვიყენებთ“, – ამბობს თამარ გაბუნია, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

დღეს იმუნიზაციის საბჭოზე 12-დან 15 წლამდე მოზარდების ვაქცინაციის საკითხიც განიხილებოდა. როგორც საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, საბჭოს წევრები რეკომენდაციას უწევენ 12-დან 15 წლამდე იმ მოზარდების „ფაიზერის“ ვაქცინით აცრას, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აქვთ.

„დელტა ვარიანტი დომინანტურია. ჩვენ გვქონდა ქვეყანაში პერიოდი, როდესაც პედიატრიული პაციენტებისთვის საწოლების რაოდენობაც კი არ იყო საკმარისი, იმდენად მოიმატა ჰოსპიტალიზაციის საჭიროებამ ბავშვებში. ჩვენ დღეს იმუნიზაციის საბჭოს შევთავაზეთ ე.წ. „გერმანული მოდელი“, რომელიც გულისხმობს პირველ ეტაპზე განსაკუთრებული ჯანმრთელობის მდგომარეობის ბავშვების ვაქცინაციას. ეს არის ის მდგომარეობა, რომელიც ინფიცირების შემთხვევაში დაკავშირებულია ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების მაღალ რისკთან. ეს არის ნერვული სისტემის თანდაყოლილი ანომალიები, სხვადასხვა ქრონიკული დაავადება და ა.შ. პირველ ეტაპზე ქვეყანა დაიწყებს რისკჯგუფებში მყოფი მოზარდების ვაქცინაციას, ხოლო შემდეგ კვლავ შეიკრიბება იმუნიზაციის საბჭო და განიხილავს, გაფართოვდება თუ არა ეს ჯგუფები და გახდება თუ არა 12-დან 15 წლამდე ყველა ბავშვისთვის ვაქცინაცია რეკომენდებული“, – ამბობს ივანე ჩხაიძე, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი.

საქართველოში ეპიდვითარება ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში უმჯობესდებოდა, თუმცა  ბოლო 3 დღეა უარესდება.  დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი არ მოიმატებს, ნოემბერი ეპიდვითარების მხრივ ძალიან რთული იქნება.

„ეს არის ძალიან ცუდი. ეპიდვითარების გაუარესებას ემთხვევა შემოდგომა. უკვე აცივდა, ოქტომბრის ბოლოს გამოჩნდება გრიპი. უკვე ახალი ტერმინიც გაჩნდა – „ტვინდემია“, ანუ ორი ინფექციის, კორონავირუსისა და გრიპის შეერთება. ეს ძალიან საყურადღებოა. თუ არ ავიცრებით და თუ კრიტიკული მასა არ დაგროვდა იმუნური ფენისა, რომელიც დღეს დაახლოებით 50-55%-ის ფარგლებშია, თუ ეს არ იქნა 80%, ანუ იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც კორონავირუსი გადაიტანეს და რომლებიც მისი საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ, სამწუხაროდ, გვექნება რთული ნოემბერი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით,  საქართველოში წლის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობის 60% ვაქცინირებული უნდა იყოს, თუმცა, როგორც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, დელტა შტამის გამო ეპიდვითარების გასაუმჯობესებლად ეს რიცხვი საკმარისი უკვე აღარ იქნება.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend