ფეისბუკის ყოფილმა თანამშრომელმა ფრენსის ჰაუგენმა, რომელიც სოციალურ ქსელში პროდუქციის მენეჯერად მუშაობდა, კაპიტოლიუმის შენობაში მოსმენის დროს მკაცრად გააკრიტიკა ფეისბუკი. მან განაცხადა, რომ პლატფორმა აზიანებს ბავშვებს, აღვივებს განხეთქილებას და ასუსტებს დემოკრატიას.
რამდენიმესაათიანი მოსმენის შემდეგ ბრალდებებს გამოეხმაურა ფეისბუკის გენერალური დირექტორი მარკ ცუკერბერგი და აღნიშნა, რომ ჰაუგენმა ისაუბრა იმ სფეროებზე, რომელთა შესახებაც მას წარმოდგენა არ აქვს.
Frances Haugen, a former product manager at Facebook, testified before a Senate panel describing research she says shows the company is "morally bankrupt."
Take a listen https://t.co/R68o8MBVLy pic.twitter.com/YI8vzrpePh
— Bloomberg Technology (@technology) October 5, 2021
ცუკერბერგმა თავის გვერდზე გამოაქვეყნა საკმაოდ ვრცელი პოსტი, რომელშიც წაყენებულ ბრალდებებს პასუხობს.
„არგუმენტი, თითქოს ჩვენთვის პრიორიტეტულია ის კონტენტი, რომელიც ადამიანების განრისხებას იწვევს, მხოლოდ იმისთვის, რომ სარგებელი მივიღოთ, უბრალოდ ალოგიკურია. ჩვენ თანხას რეკლამით გამოვიმუშავებთ და დამკვეთებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მათი რეკლამა არ იყოს განთავსებული ზიანის შემცველი კონტენტის გვერდით. მე არ ვიცი არცერთი ტექნოლოგიური კომპანია, რომელმაც განზრახ შექმნა ისეთი პროდუქტი, რომელიც ადამიანების დაპირისპირებას ან დეპრესიას გამოიწვევდა“,- წერს ცუკერბერგი.
მოსმენის დროს მთავარი თემა, რომელსაც ჰოუგენი განიხილავდა, იყო ფეისბუკის შიდა კვლევა, რომელიც ადასტურებდა თეორიას, რომ ინსტაგრამი ფსიქოლოგიურ პრობლემებს უქმნის ბავშვებს. ამის ამსახველი დოკუმენტები ჰოუგენმა „უოლ სტრიტ ჟურნალს“ გადასცა, სანამ თავად სენატის წინაშე წარდგებოდა.
ჰოუგენის თქმით, ფეისბუკის ადმინისტრაციამ კარგად იცის, როგორ გახადოს უფრო უსაფრთხო ინსტაგრამი ან ფეისბუკი, თუმცა კომპანია ამას არ აკეთებს, რადგან სარგებლის დაკარგვის ეშინია.
სენატში მოსმენის დროს მარკ ცუკერბერგი და მისი კომპანია გააკრიტიკეს ბევრი პრობლემის გამო, მომხმარებლების უსაფრთხოებიდან დაწყებული დეზინფორმაციის შეჩერების უუნარობით დამთავრებული. აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკელ და დემოკრატ სენატორებს საერთო პოზიცია ჰქონდათ, მათი აზრით, აუცილებელია კომპანიის განახლება.