მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოსარა ევერარდის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

სარა ევერარდის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

ლონდონში ერთ-ერთ პოლიციელს ქალის გატაცებისთვის, გაუპატიურებისა და მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

48 წლის უეინ კაზენსი ბრალი უფლებამოსილებისა და კოვიდშეზღუდვების კანონის არასათანადოდ გამოყენებაში ედებოდა. 3 მარტს მან 33 წლის ქალი სარა ევერარდი, მანქანაში შეიტყუა და კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო უკანონოდ დააკავა. სარა ევერარდი საღამოს სახლში ფეხით მიდიოდა.

პროკურორების განცხადებით, უეინ კაზენსმა ევერარდს ბორკილები დაადო, დედაქალაქიდან გაიყვანა, გააუპატიურა, შემდეგ კი მოკლა. მეტროპოლიტენის პოლიციის წარმომადგენელთა ოფიციალური განცხადებით, ისინი განრისხებული და განადგურებული არიან, რადგან სასტიკ მკვლელობაზე პასუხისმგებელი ერთ-ერთი მათგანი იყო.

„მე შეძრწუნებული ვარ, რომ ამ ადამიანმა თავისი ნდობა სარას მოსატყუებლად გამოიყენა. თავისი ქმედებებით მან უღალატა ყველაფერს, რასაც პოლიცია ემსახურება. ის, რაც მან გააკეთა, წარმოუდგენელი და შემზარავია. როგორც მოსამართლემ განაცხადა, მან შეარყია ის ნდობა, რომელიც საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სამართალდამცველების მიმართ. მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს ჰქონდეს ნდობა პოლიციისადმი. ამ ქმედებით მან კიდევ უფრო გაამძაფრა ის დაუცველობის გრძნობა, რომელიც ბევრს შეიძლება ჰქონდა ჩვენს ქალაქებში, განსაკუთრებით კი ქალებსა და გოგონებს“, – განაცხადა მეტროპოლიტენის პოლიციის კომისარმა კრესიდა დიკმა.

სარა ევერარდი ერთი კვირა იყო დაკარგული. მისი გვამი ლონდონიდან 100 კილომეტრის მოშორებით იპოვეს. პროკურორების განცხადებით, კაზენსმა ის ჯერ დაახჩო, შემდეგ კი გვამს ცეცხლი წაუკიდა. 30 სექტემბერს გამართულ სასამართლოზე კაზენსი დამნაშავედ ცნეს გატაცებაში, გაუპატიურებასა და მკვლელობაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend