წინანდლის ფესტივალის პირველი დღე ისე დადგა, რომ უკვე საქართველოში ჩამოსული მუსიკოსები კვლავ იმაზე წუხდნენ, კონცერტები ხომ არ გადაიდებაო. ძალიან უნდოდათ სცენაზე გასვლა, ძალიან ენატრებოდათ მსმენელთან შეხვედრა.
„საქართველოში წინა ჩამოსვლაზე ფესტივალის ფინალურ კონცერტში მივიღე მონაწილეობა პიანისტ იუჯა ვანგთან ერთად და კავკასიურ ორკესტრს ვუდირიჟორე. ამჯერად კი გავხსნი ფესტივალს საქართველოს ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად. მოკლე პროგრამა გვაქვს, მაგრამ ძალიან ლამაზი. ჩემი უახლოესი მეგობარი პიანისტი ეფიმ ბრონფმანი რახმანინოვის მესამე საფორტეპიანო კონცერტს შეასრულებს, ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებს, რომელიც ოდესმე დაწერილა. შემდეგ კი დავუკრავთ მორის რაველის „დაფნისი და ქლოეს“ მოკლე ვერსიას“, – ამბობს სახელგანთქმული რეჟისორი „ევრონიუს ჯორჯიასთან“ საუბარში.
პანდემიამ ყველაფერი არია და ყველაფერი კითხვის ქვეშ დააყენა. თანაც, პირველ დღეს წინანდალში წვიმა წამოვიდა და რაღაცნაირად სევდიანი განწყობა დაეუფლა ყველას.
მაგრამ ეს მანამ, სანამ მუსიკის პირველი ნოტები გაისმებოდა. პირველი რეპეტიცია, ფესტივალის პირველი წუთები და მაგია იწყება…
„ონლაინკონცერტი მიეძღვნა კოვიდით დაზარალებულებს, გარდაცვლილებსა და მათ ოჯახებს. ეს იყო მუსიკოსების იდეა. დღეს კონცერტი მაყურებლის გარეშე ტარდება“, – აღნიშნავს წინანდლის ფესტივალის გენერალური დირექტორი დავით საყვარელიძე.
სახელგანთქმული დირიჟორი ლაჰავ შანი მუსიკოსებთან ერთად კონცერტისათვის ემზადებოდა. მუსიკოსებს ესმოდათ, რომ კოვიდპანდემიის გამო მათ ამჯერადაც უნდა გაეთვალისწინებინათ საგანგებო რეგულაციები – შელეოდნენ მაყურებლებს და შეგუებოდნენ მუსიკოსებს შორის ჩადგმულ საგანგებო ტიხრებს.
სრულდება მორის რაველის „დაფნისი და ქლოე“…
სოლისტი პიანისტი ეფიმ ბრონფმანია. შემდეგ კი საქართველოს ეროვნული ფილარმონიული ორკესტრი რახმანინოვის მესამე საფორტეპიანო კონცერტს ასრულებს. პულტთან ისრაელისა და როტერდამის ფილარმონიების მთავარი დირიჟორი ლაჰავ შანი დგას. ასე გაიხსნა წლევანდელი ფესტივალი. ასე დაიწყო განუმეორებელი მუსიკალური დღეები წინანდალში.
ისრაელის ფილარმონიის ხელმძღვანელი ავი შოშანი წინანდლის ფესტივალის ერთ-ერთი დამფუძნებელია.
„ის ფაქტი, რომ წინანდლის ფესტივალი დღეს იხსნება, ნიშნავს იმას, რომ კულტურა იმარჯვებს. ჩვენ ყველანი ვიაზრებთ, რომ მსოფლიო რთულ პერიოდს გადის, მაგრამ ფესტივალის არსებობა, სადაც ერთად იკრიბებიან ასეთი სოლისტები, დირიჟორები, არტისტები, იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოში წინანდალი აკეთებს იმას, რასაც ყველა ელის, რომ მოხდება – მუსიკის ჰანგები და ერთად ყოფნა“, – აღნიშნა ფესტივალის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ავი შოშანმა.
წინანდლის ფესტივალის კიდევ ერთი დამფუძნებელი მარტინ ენგსტრომი, რომელიც ასევე ვერბიეს ფესტივალის დამფუძნებელია, წინანდლის მუსიკალური დღეების საერთაშორისო მნიშვნელობაზე საუბრობს.
„იმედი გვაქვს, რომ ყველა საერთაშორისო არტისტის დახმარებით, ბევრი ტურისტი ჩამოვა საქართველოში. ჩვენ უკვე წლებია ვატარებთ ფესტივალს, ამჯერად უკვე მესამედ და იმედი გვაქვს, ყოველ ზაფხულს მისი გავლენა უფრო გაიზრდება და უფრო მეტი სტუმარი გვეწვევა“, – ამბობს ფესტივალის თანადამფუძნებელი მარტინ ენგსტრომი.
სტუმრები მართლაც ჩამოვიდნენ, მაგრამ ეპიდემია რომ არა, მსმენელი გაცილებით მეტი ეყოლებოდათ მსოფლიო დონის ვარსკვლავებს. ფესტივალის ორგანიზატორები კოვიდრეგულაციებს მიჰყვებოდნენ – სტუმრების შეზღუდული რაოდენობა, უმკაცრესი ზომების დაცვა კოვიდინფექციის პრევენციისათვის. დარბაზში შესასვლელთან სახელდახელო მედპუნქტი იყო გამართული, აქ ყველა დამსწრეს აუცილებლად უტარდებოდა ან სწრაფი ტესტი ან პისიარი, საჭიროების მიხედვით. წინანდლის მამულის მთელ ტერიტორიაზე მხოლოდ ამ მედპუნქტებში, მხოლოდ იმ დღეს გაცემული საშვით იყო შესაძლებელი გადაადგილება.
„ჩემი აზრით, ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ჩატარდეს პანდემიის პერიოდში კონცერტები და ასეთი დონის ფესტივალები. ვფიქრობ, რომ სხვა ფესტივალების ორგანიზატორებმა მაგალითი უნდა აიღონ, იმიტომ, რომ არაჩვეულებრივად არის ყველაფერი გაკონტროლებული. თან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ სიტუაციაში თითოეული კონცერტი, მით უფრო ამხელა ფესტივალი“, – ამბობს მევიოლინე გიორგი ცაგარელი.
ყოველდღე ორი კონცერტი იყო, შუალედებში კი სარეპეტიციო დარბაზებიდან იღვრებოდა მოცარტი, ბრამსი და რახმანინოვი…
„აქ, წინანდალში, ყოფნა ძალიან დიდი სიამოვნებაა. პირველ სეზონზე, 2019 წელსაც, აქ ვიყავი და შევიგრძენი ჯადოსნური მუსიკის შექმნის საოცარი ენერგია. რა თქმა უნდა, კოვიდის გამო ახლა ყველაფერი ცოტა განსხვავებულია, მაგრამ ჩვენ ფესტივალი მაინც გვაქვს. შესასრულებლად ეს მშვენიერი ადგილია. ეს ფესტივალი მსოფლიოს საჩუქარია, საქართველოს საჩუქარია. ვიმედოვნებ, რომ საერთაშორისო აღიარება კიდევ უფრო გაიზრდება“, – ამბობს ბარიტონი თომას ჰემფსონი.
„როდესაც გავიგე, რომ აქ ფესტივალი იმართებოდა, აქ დაკვრა ჩემი ოცნება გახდა. ახლა კი აქ ვარ… აქაურობა იმაზე ლამაზია, ვიდრე წარმომედგინა. მინდა, ორგანიზატორებს კომპლიმენტები ვუთხრა. საუცხოო კოლეგებთან ერთად ფესტივალზე საუკეთესო გუნდი მუშაობს. აქაურობას ჯადოსნური ძალა აქვს. წინანდლის შესახებ ყველას ვეტყვი და იმედი მაქვს, რომ ჩემი კოლეგები ამ საოცარ ადგილას დაუკრავენ. აკუსტიკაც კარგია და ინსტრუმენტებიც. თომას ჰემფსონთან ერთად პირველად დავუკარი. ფესტივალმა ამის შესანიშნავი შესაძლებლობა მომცა. მასთან ერთად მუშაობით ძალინ ვისიამოვნე. თუმცა როდესაც მუშაობას ვამბობ, ალბათ არასწორ სიტყვას ვიყენებ. თუ ეს მუშაობაა, მაშინ თანახმა ვარ, მუდამ ვიმუშაო. საოცარი გამოცდილება იყო“, – ამბობს პიანისტი ელენა ბაშკიროვა.
რამდენი ადამიანია მსოფლიოში, რომელიც მხოლოდ ინატრებდა, მაესტრო ჯანანდრეა ნოზედას დირიჟორობით დასწრებოდა კონცერტს. იმ დღეს კი ჯანანდრეა ნოზედა წინანდალში ატარებდა რეპეტიციას და სულ მალე უნდა გასულიყო სცენაზე…
წინანდალში ჩამოვიდა დირიჟორების ვარსკვლავური შემადგენლობა – ჯანანდრეა ნოზედა, ქრისტოფ ეშენბახი, ლაჰავ შანი. წინანდალში უკრავდნენ ვირტუოზები – იეფიმ ბრონფმანი, მიხაილ პლეტნიოვი, ვადიმ რეპინი, ფაზილ საი, მაო ფუჯიტა და სხვები…
წინანდლის ფესტივალის წარმდგენია კომპანია „სილქნეტი“. ფესტივალი სამუსიკოა, მაგრამ მას ყოველთვის თან ერთვის ხოლმე სხვა სახელოვნებო დღესასწაულები. ამჯერად წინანდლის სახლ-მუზეუმის საგამოფენო სივრცეში არაჩვეულებრივი ქართველი მხატვრის, პიკოს, ანუ ზურაბ ნიჟარაძის ნამუშევრები იყო გამოფენილი.
ასეთ დროს იტყვიან, რა მალე გაირბინა არაჩვეულებრივმა დღეებმაო. მაგრამ ამჯერად დღეები უსაშველოდ გრძელი და შთაბეჭდილებებით დახუნძლული იყო. კოვიდმა გაამძაფრა ხელოვნებისა და ცოცხალი შესრულების მონატრება და სტუმრები ფესტივალის ყოველი წამით იღებდნენ სიამოვნებას.
„წინანდლის ფესტივალი შესანიშნავია – ხალხი, ატმოსფერო… და დღევანდელი კონცერტი კი იყო კულმინაცია. მენდელსონის ფანტასტიკური სიმფონია. ძალიან დიდი სიამოვნება მივიღეთ“, – ამბობს ფესტივალის სტუმარი მელომანი აია ფოგელი.
გამოწვევებით დატვირთული დრო დაუდგა წინანდლის ფესტივალს, მაგრამ ამ გამოწვევების მიუხედავად, ის მაინც შედგა. ეს ნამდვილად იყო მისი ორგანიზატორების დიდი თავგანწირვის შედეგი. თავად ისინი კი, წინანდლის ფესტივალის დამფუძნებლები, ორგანიზატორები და მთელი გუნდი, განსაკუთრებულად აღნიშნავდნენ და მადლიერებას გამოხატავდნენ ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ, რომელთაც ამ დღესასწაულის გამართვა შესაძლებელი გახადეს. თუნდაც შეზღუდვებითა და მკაცრი რეგულაციებით, მაგრამ წინანდლის დაუვიწყარი მუსიკალური დღეები შედგა.
ბოლო დღეც მოვიდა… 19 სექტემბერს, ფესტივალის დასკვნით საღამოს, განუმეორებელი ლიზა ბათიაშვილი უკრავდა… „მსოფლიოს პირველი მევიოლინე“, „პლანეტის საუკეთესო შემსრულებელი“ … ასე იხსენიებენ ლიზა ბათიაშვილს უამრავ ქვეყანაში. ფესტივალის ბოლო საღამოს კი წინანდალში იგი საქართველოს ფილარმონიული ორკესტრის თანხლებით, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელის, ჯანანდრეა ნოზედას დირიჟორობით, სიბელიუსის სავიოლინო კონცერტს ასრულებდა. ამ საოცარ საღამოს მსმენელი დიდხანს უკრავდა ტაშს და დაშლა არავის უნდოდა.
12 მუსიკალური დღე მიილია. ფესტივალი დამთავრდა. სტუმრები წინანდალს ემშვიდობებოდნენ და ერთმანეთს აიმედებდნენ, რომ მომავალ წელს კოვიდი ვეღარავის შეუშლის ხელს, ასეთი ბედნიერებით დატკბეს.