მედიის რამდენიმე წარმომადგენელმა გავრცელებულ ჩანაწერებში საკუთარი საუბარი ამოიცნო. ამის შესახებ მათ სტატუსები გამოაქვეყნეს თავიანთ ფეისბუკგვერდებზე. მათ შორის არიან „TV პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, „ფორმულას“ ჟურნალისტი ნინო ვარძელაშვილი, „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე და „ტაბულას“ რედაქტორი ლევან სუთიძე. ისინი ადასტურებენ, რომ ჩანაწერებში წარმოდგენილი საუბრები მათსა და სასულიერო პირებს შორის იყო გამართული.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე წერს, რომ თუ უკანონო მოსმენების შესახებ ინფორმაცია დადასტურდება, ეს ძალიან ცუდი იქნება, თუმცა იგი კომენტარის გაკეთებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.
ფაილებში, სავარაუდოდ, წარმოდგენილია ბოლო წლების განმავლობაში ფარული მიყურადებით მოპოვებული წერილობითი ინფორმაცია სასულიერო პირების პირადი ცხოვრების შესახებ. ზოგიერთი ცნობა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, როგორებიცაა: სასულიერო პირების სექსუალური ურთიერთობა არასწრულოვანებთან, ქრთამის აღება და რუსეთთან კავშირი. დაახლოებით სამი ათასამდე დოკუმენტია წარმოდგენილი.
სახელმწიფო ინსპექტორი გამოეხმაურა მაღალი სასულიერი პირების შესახებ იმ მასალებს, რომლებიც თითქოს სუს-დან არის გავრცელებული. იგი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, კარგად შეისწავლონ ფარული მიყურადების ყველა შემთხვევა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, ბოლო დროს გახშირდა სხვადასხვა პირის მიმართ სავარაუდო ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ფაქტების ამსახველი მასალების სხვადასხვა ფორმით გასაჯაროების შემთხვევები.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კომენტარი გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ გაუკეთებია.