მთავარი მსოფლიო ავღანეთში ისევ განგაშია

ავღანეთში ისევ განგაშია

საქართველოდან გაგზავნილი ჯარისკაცები ავღანეთში 2004 წლის აგვისტოში გამოჩნდნენ. მაშინ იქ მყოფი ოცეულის მთავარი მიზანი ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო.

წლების განმავლობაში საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ამერიკის შეერთებული შტატების, ნატოსა და მოკავშირე სამხედრო ძალების ჯარისკაცებთან ერთად იცავდნენ სამხედრო ბაზებსა და საკონტროლო-გამშვებ პუნქტებს, პატრულირებდნენ სარისკო ზონებში და მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ სამხედრო ჰოსპიტლის ფუნქციონირებაში. მოგიყვებით მედდაზე, რომელიც ავღანეთში პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად 3 წლის წინ ჩავიდა და იქ 7 თვე გაატარა. დაჭრილი სამხედროების გარდა ის არაერთხელ დახმარებია ავღანელ ბავშვებსა და ქალებს.

უფროსი სერჟანტის, ხათუნა ჯიბღაშვილის მისია ახლა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მყოფი ჯარისკაცების ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. თუმცა უფრო რთული და სარისკო მისიებიც ახსოვს – ორჯერ ერაყში იყო, მერე კი ავღანეთში. სამედიცინო ასეულის მთავარი მედდა 2018 წელს ჩავიდა ბაგრამის სამხედრო ბაზაზე, ქაბულთან ახლოს… იქ, სადაც ყველაზე ხშირად ისმოდა განგაშის ხმები.

„ხშირად იყო განგაშები… ყველამ ვიცოდით, რა უნდა გაგვეკეთებინა ასეთ დროს. მაგალითად, 31 დეკემბერს, როდესაც ახალი წელი დგებოდა, დაიწყო ავღანელებისგან დაბომბვა, ჩვენ კი ამ დროს ახალი წლის შესახვედრად ვემზადებოდით. დაბომბვის დროს ყველამ იცოდა თავისი დანიშნულება. დგები, იცვამ, იცი სად უნდა გახვიდე, რა უნდა გააკეთო, იღებ აღჭურვილობას და გადიხარ შენი მოვალეობის შესასრულებლად“, – გვიყვება ხათუნა ჯიბღაშვილი.

ბაგრამის სამხედრო ბაზაზე მოწყობილ ჰოსპიტალში სერჟანტი ჯიბღაშვილი ხშირად ხვდებოდა ავღანელ ქალებს. ქალებს, რომლებსაც თავისუფლება წართმეული ჰქონდათ და ადამიანებთან ურთიერთობა ფუფუნებად უქციეს.

„ავღანელი ქალები რომ შემოდიოდნენ ბაზაზე, ძალიან თბილად გვიღებდნენ. თბილად გვესალმებოდნენ. მათ აქვთ თავიანთი ტრადიციები, დადიან ჩადრით, ვერ გაივლიან თუკი მათ წინ მამაკაცი მიდის, მამაკაცს ვერ გაუსწრებენ, თუმცა  ბაზაზე ძალიან თბილი მოსალმება იცოდნენ“, – იხსენებს ხათუნა ჯიბღაშვილი.

სამედიცინო ასეულის მედდა ავღანელ ბავშვებსაც  ხშირად დახმარებია. ამბობს, რომ ამ პატარებისთვის, ზოგჯერ სასმელი წყლის მიწოდებაც დღესასწაული იყო.

„როდესაც შემოიყვანეს ბაზაზე ბავშვები, მათ უკვირდათ ყველაფერი. უკვირდათ ურთიერთობა, მოფერება, პატივისცემა, ერთი ბოთლი წყალი, რომ მიგეცა ეს მათთვის იყო ნამდვილი სასწაული. მათ აკლიათ თავისუფლება, ამ ბავშვების თვალებში არის ყველაფრის დანაკლისი. მათ თვალებში იკითხება შიმშილი, სიცივე, ყველაფერი. ისინი გთხოვენ საკვებს, წყალ, ყველაფერს გთხოვენ…“- ამბობს ხათუნა ჯიბღაშვილი.

ავღანეთში ახლაც უამრავი ბავშვია, რომლებიც შიმშილსა და სიღატაკეს ვერსად გაურბიან.

უფროს სერჟანტ ჯიბღაშვილს სჯერა, რომ კვლავ  მიიღებს მონაწილეობას საერთაშორისო მისიებში. მათი სრულფასოვანი წევრი გახდება და კვლავ დადგება ნატოსა და ამერიკელი ჯარისკაცების  გვერდით.

ნანუკა მეშველაშვილი

უახლესი

სხვა ამბები

00:01:55

ერთი ექიმის ამბავი

Send this to a friend