მთავარიამერიკააშშამერიკის შეერთებულ შტატებში 11 სექტემბრის ტერაქტის შედეგად გარდაცვლილები მოიგონეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში 11 სექტემბრის ტერაქტის შედეგად გარდაცვლილები მოიგონეს

შაბათს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიხსენეს  11 სექტემბრის ტერაქტი, რომელსაც 3000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავდასხმის ადგილას მივიდა. მას ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისიც ახლდა. მათ დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ბაიდენი ასევე დაესწრო მემორიალურ ღონისძიებებს პენსილვანიასა და ნიუ-იორკში, სადაც მას ყოფილი პრეზიდენტები ბილ კლინტონი და ბარაკ ობამაც შეუერთდნენ.

ხსოვნის ცერემონიას ესწრებოდა ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუშიც, რომელიც ტერაქტის დროს პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა. იგი პენსილვანიაში ყოფნისას სიტყვით გამოვიდა.

ჯორჯ ბუშმა აღნიშნა, რომ 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ იგი ამაყობდა, რომ უძღვებოდა საოცარ, გამძლე და გაერთიანებულ ერს. ახლა კი, მისი თქმით, ამერიკის ყოველდღიურ ცხოვრებაში შემოვიდა მავნე ძალა, რომელიც ყველა უთანხმოებას დაპირისპირებად აქცევს, ეს დაპირისპირება კი კულტურათა შეჯახებას იწვევს.

ჯორჯ ბუშის აზრით, ახლა შეერთებული შტატების პოლიტიკის დიდი ნაწილი ბრაზის, შიშისა და წყენის გამოძახილია, ეს კი არასასურველია ამერიკელებისა და ქვეყნის მომავლისთვის.

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ვირჯინიაში ნატოსა და შეერთებული შტატების შტაბ-ბინაში გარდაცვლილთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. პოლონეთში გამართული პრესკონფერენციის დროს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმაც პატივი მიაგო გარდაცვლილთა ხსოვნას, თუმცა ამავე დროს აღნიშნა, რომ ავღანეთში ყველა ამოცანა ჯერ კიდევ არ არის შესრულებული.

დიდ ბრიტანეთში კი, უინძორის სასახლეში, გარდაცვლილებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს და ამერიკის შეერთებული შტატების ჰიმნი შეასრულეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend