მთავარიკუბი2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შესახებ საიდუმლო დოკუმენტების ნაწილი გასაჯაროვდა

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შესახებ საიდუმლო დოკუმენტების ნაწილი გასაჯაროვდა

აშშ-ის ფედერალურმა ბიურომ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შესახებ გამოძიების საიდუმლო მასალების გასაჯაროება დაიწყო.

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პირადი განკარგულებით, გამოქვეყნდა იმ გამოძიების შედეგის ნაწილი, რომელიც ნიუ-იორკში 11 სექტემბრის ტერაქტს შეეხება. დოკუმენტების გასაჯაროებას მრავალი წლის განმავლობაში ითხოვდნენ დაღუპულების ოჯახები. გამოქვეყნებული დოკუმენტების პირველ, 16-გვერდიან ნაწილში საუბარია ტერაქტის ორგანიზატორებისა და მონაწილეების კავშირზე საუდის არაბეთთან, თუმცა არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება, რომ თავდასხმაში საუდის არაბეთის ხელისუფლებაც მონაწილეობდა.

11 სექტემბრის ტერაქტთან ერ-რიადის დაკავშირებაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყეს, რაც დადგინდა, რომ ტერაქტის 19 მონაწილიდან 15 საუდის არაბეთიდან იყო.  2500-მდე გარდაცვლილის ოჯახი წევრი, ასევე 20 ათასამდე დაშავებული და სადაზღვევო კომპანიები საუდის არაბეთის ხელისუფლებას მილიარდობით დოლარს სთხოვენ. ისინი ამტკიცებენ, რომ საუდის ხელისუფლებამ იცოდა, რომ მზადდებოდა თავდასხმა, თუმცა ტერაქტს წინ არ აღუდგა.

გამოძიების ფარგლებში წელს, აგვისტოში, დაკითხეს რამდენიმე მაღალჩინოსანი საუდის არაბეთიდან. მათ უკვე დატოვეს თავიანთი თანამდებობები. საუდის არაბეთის ხელისუფლება ამ საქმეში მონაწილეობას არასდროს აღიარებდა. ვაშინგტონში საუდის არაბეთის საელჩომ დოკუმენტების გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღით ადრე განაცხადა, რომ მიესალმება გასაჯაროებას და გამოძიების გამჭვირვალობას უჭერს მხარს.

გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით,  ვარაუდი, რომ საუდის არაბეთი დაკავშირებული იყო ტერორისტულ ორგანიზაცია „ალ-ქაიდასთან“, ამერიკულმა სპეცსამსახურებმა ვერ დაამტკიცეს. თუმცა გამოძიება არ გამორიცხავს, რომ საუდის არაბეთის ხელისუფლებაში მყოფი ცალკეული პირები მონაწილეობდნენ ტერაქტის ორგანიზებაში. წარმოდგენილი დოკუმენტი რედაქტირებულია. წყაროები ჯერ კიდევ გასაიდუმლოებულია.

ამ ინფორმაციით, დადგენილია, რომ ორ თვითმკვლელს, რომლებიც აშშ-ში 2000 წელს სტუდენტის სტატუსით ჩავიდნენ, მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ვინმე ომარ ალ-ბაიომთან, წარმოშობით საუდის არაბეთიდან, თუმცა იმ დროს აშშ-ში ცხოვრობდა. წყაროს მიხედვით, ალ-ბაიომი ხშირად მიდიოდა საუდის არაბეთის საკონსულოში ლოს-ანჯელესში. სავარაუდოდ, იგი საკმაოდ მაღალ პოზიციაზე იყო, რადგან მარტივად შედიოდა დიპლომატიურ კორპუსში, თუმცა ოფიციალურად სტუდენტად იყო გაფორმებული. FBI-ის ცნობით, ის უზრუნველყოფდა ორ თვითმკვლელ ტერორისტს ფულითა და საცხოვრებელი სახლით.

ასევე დადგინდა, რომ კიდევ ორი თვითმკვლელი ტერორისტი ხშირად ეკონტაქტებოდა ლოს-ანჯელესში ერთ-ერთი მეჩეთის იმამს, რომელიც, FBI-ის ინფორმაციით, ავრცელებდა რადიკალურ იდეებს და ეჭვმიტანილი იყო ექსტრემიზმში.

მალე გამოძიების შემდეგი ნაწილი უნდა გამოქვეყნდეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend