მთავარისაქართველოსაქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ რვა ათასს გადააჭარბა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ რვა ათასს გადააჭარბა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 8 ათასს გადააჭარბა. მხოლოდ აგვისტოში ინფექციამ 1 629 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები კორონავირუსის მომდევნო ტალღებს ელოდებიან. ჯანდაცვის სამინისტროში მიაჩნიათ, რომ მომდევნო ტალღა კრიტიკულად საშიში 60 წელს ზევით ასაკობრივი ჯგუფისთვის იქნება იმ შემთხვევაში, თუ მათი ვაქცინაცია არ მოხდება.

„დღეს ჰოსპიტალიზაციაც და სიკვდილიანობაც არის უფრო მეტი ისევ 60 წელს ზემოთ პირებში, ყველაზე ნაკლები ვაქცინაციის მაჩვენებელიც გვაქვს 60 წლის ზემოთ პირებში. ამდენად, ეს მაჩვენებელი უნდა შეიცვალოს სრულიად საპირისპირო მიმართულებით, რომ ვაქცინირებულებში თანაფარდობა ყველაზე მაღალი გვქონდეს 60 წლის ზემოთ, რომ ჩვენ რეალურად შემსუბუქება ჰოსპიტალური დატვირთვის და, რაც მთავარია, ლეტალური გამოსავლების კუთხით ვიგრძნოთ. ამდენად ჩვენი მიზანი არის, რა თქმა უნდა, ის, რომ ბევრი მოქალაქე მოვიცვათ მოკლე დროში, მაგრამ მეტად მიზნობრივი ვაქცინაციის პროგრამების განხორციელება არის პრიორიტეტი. პროგრამები, რომლებსაც ჯანდაცვის სამინისტრო დაგეგმავს, იქნება უფრო მეტად მიმართული 60 წლის ზემოთ პირებზე“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსის 572 948 შემთხვევაა გამოვლენილი. სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა შემცირებულია.

შესაბამისად, პაციენტების რაოდენობაც საველე ჰოსპიტლებში იკლებს.ამ ჰოსპიტლებში აქამდე ძირითადად ხანშიშესული პაციენტები მკურნალობდნენ, თუმცა ახლა ვითარება შეიცვალა და ბოლო პერიოდში მოთავსებული პაციენტების ასაკი გაახალგაზრდავებულია.

„დღეს დილით სტაციონარში მკურნალობას აგრძელებს 68 პაციენტი. მორიგეობის განმავლობაში განხორციელდა ორი რეფერალი პოლიპროფილურ სტაციონარში პაციენტების ზოგადი მდგომარეობის გაუარესების გამო. ბინაზე გაეწერა ხუთი პაციენტი. ამ ეტაპზე მეტწილად პაციენტები გვრჩებიან ისევ ჟანგბადდამოკიდებულები, უმეტესობას მიეწოდება ჟანგბადი სხვადასხვა ინტენსივობით, თუმცა გვყავს მსუბუქი მიმდინარეობის პაციენტები. დღესაც იგეგმება გაწერები ბინაზე“, – აღნიშნა ქავთარაძის პირველი ჰოსპიტლის კოორდინატორმა, მერაბ ჩიქოვანმა.

ჯანდაცვის სამინისტროში ვირუსის ახალ, „მიუ“ შტამის გავრცელებაზეც საუბრობენ. ამბობენ, რომ მისი გავრცელება ახალ რისკებს ქმნის, თუმცა რამდენად სწრაფად გავრცელებადი იქნება ეს შტამი, ამ ეტაპზე საუბარი რთულია.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend