ისრაელში სამართალდამცველები იმ მომიტინგეებს დაუპირისპირდნენ, რომლებიც გილბოას ციხიდან გაქცეულ პალესტინელ პატიმრებს მხარს უჭერდნენ.
ციხის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ გილბოას ციხიდან გაიქცა ექვსი პალესტინელი, რომლებსაც სამუდამო პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, პატიმრებმა გათხარეს გვირაბი, რომლის საშუალებით მოახერხეს ციხიდან გაქცევა.
გაქცეული პატიმრები 2000-2005 წლებში ისრაელის მოქალაქეებზე განხორციელებული სასიკვდილო თავდასხმების გამო იხდიდნენ სასჯელს.
ციხის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ერთ-ერთი გაქცეული პატიმარი პალესტინის შეიარაღებული დაჯგუფება „ფათაჰის“ ერთ-ერთი მეთაურია.
დანარჩენი პატიმრები კი პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ მოძრაობის წევრები არიან. მომხდარს გამოეხმაურა დაჯგუფება „ჰამასის“ წარმომადგენელი ფავზი ბარჰუმი და პატიმრების გაქცევას გმირობა უწოდა.
ისრაელის ციხის სამსახურის წარმომადგენლები ამ ფაქტს უსაფრთხოებისა და სადაზვერვო სამსახურის მთავარ წარუმატებლობას უწოდებენ, ხოლო პალესტინის შეიარაღებული დაჯგუფებების ლიდერები ამბობენ, რომ გაქცეულებმა “გმირობა ჩაიდინეს.”
ისრაელის სასაზღვრო პოლიციამ და არმიამ გაქცეულთა დასაკავებლად შექმნეს ბლოკპოსტები თუმცა ამ დრომდე ციხიდან გაქცეულები დაკავებულები არ არიან. ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტის შეფასებით, ეს უმძიმესი ინციდენტია. იგი უსაფრთხოების ძალებს მოუწოდებს, დროულად დააკავონ გაქცეულები.