უნგრეთის კომუნისტური პარტიის მმართველებს სურდათ, რომ ბუდაპეშტი პარიზივით კაშკაშა ყოფილიყო. სწორედ ამიტომ სამოცდაათიან წლებში უნგრეთის დედაქალაქში ნეონის განათება გაჩნდა. სარეკლამო განათების დიდი ნაწილი დღეს აღარ არის ან დაზიანებულია, თუმცა ახლახან შექმნილი პეტიციით მათ აღდგენას მოითხოვენ.
უკვე ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი პეტიციას ბუდაპეშტის ცნობილი ნეონის განათების აღსადგენად. ასეთი განათება ადრე ქუჩებსა და სარეკლამო ბილბორდებს ანათებდა, თუმცა მათი უმეტესობა გაქრა, ხოლო ის, რაც შემორჩა, სავალალო მდგომარეობაშია.
პეტიციის ერთ-ერთი ავტორი ლუკა პატკოში აღნიშნავს, რომ განათება მართლაც ძალიან ძვირფასია და მას ბევრი საინტერესო ამბავი უკავშირდება, თუ როგორ კეთდებოდა ეს განათება, რა გზავნილებსა და წარწერებს ანათებდნენ, ვინ ქმნიდა მათ და ა.შ. ლუკა პატკოშის აზრით, მათი შენარჩუნება აუცილებელია და მათ უნდა ისაუბრონ ამ თემაზე.
ნეონის განათება ბუდაპეშტის ქუჩებში 1969 წლიდან გაჩნდა. კომუნისტურ პარტიაში სურდათ, რომ ღამით უნგრეთის დედაქალაქი პარიზივით კაშკაშა ყოფილიყო.
პეტიციის მეორე ავტორი ტამაშ რაჩკო ამბობს, რომ ისინი კმაყოფილი იქნებიან, თუ ეს განათება კერძო კოლექციონერთან ან ნაგავსაყრელზე არ აღმოჩნდება. მისი აზრით, შესაძლებელია მუზეუმის გახსნაც. როგორც ეს ვარშავასა და ვენაში გააკეთეს. ტამაშის განცხადებით არსებობს კიდევ ერთი გზა, რომ განათება ვინმემ სადმე სხვაგან წაიღოს და იქ გამოიყენოს.
ნეონის ერთ დროს ცნობილი განათების მხოლოდ რამდენიმე ნიმუშის გადარჩენა მოხერხდა. სარეკლამო განათებები, რომლებსაც რესტავრაცია ჩაუტარდა, თითზე ჩამოსათვლელია, მაშინ, როცა რამდენიმე ათწლეულის წინ უნგრეთის დედაქალაქი სავსე იყო ასეთი განათებით.