“თალიბანის” პრესსპიკერმა ზაბიულა მუჯაჰიდმა ახალი მთავრობის შემადგენლობა დაასახელა.
“თალიბანის” თანადამფუძნებელი მულა აბდულ ღანი ბარადარი ავღანეთის მთავრობის ახალი მეთაურის მოადგილე იქნება.
ბარადარი მოლაპარაკებებს აწარმოებდა შეერთებულ შტატებთან. სწორედ მან მოაწერა ხელი შეთანხმებას, რამაც ხელი შეუწყო 2021 წლის 31 აგვისტომდე ამერიკის შეერთებული შტატების ჯარის საბოლოო გაყვანას ავღანეთიდან.
თავდაცვის მინისტრად „თალიბანის“ დამფუძნებლის ვაჟი – მუჰამად იაქუბ მუჯაჰიდი დანიშნეს.
თავად ზაბიულა მუჯაჰიდი, რომელიც ახლა „თალიბანის“ პრესსპიკერია, ავღანეთში კულტურის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.
ავღანეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობას მულა მოჰამად ჰასან ახუნდი შეასრულებს. მისი აღმატებულება მულა აბდულ ღანი ბარადარი ავღანეთის მთავრობის ახალი მეთაურის მოადგილე იქნება, ავღანეთის თავდაცვის მინისტრი კი – „თალიბანის“ დამფუძნებლის ვაჟი – მუჰამად იაქუბ მუჯაჰიდი. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას მულა ამირ ხან მუთაქი დაიკავებს. განათლების მინისტრი შეიხი მავლანი ნარულა მუნირი იქნება, ეკონომიკის სამინისტროს მუჰამად ჰანიფი უხელმძღვანელებს, ცენტრალურ ბანკს – კი მულა მოჰამად იდრისი“,- განაცხადა თალიბანის პრესსპიკერმა ზაბიულა მუჯაჰიდმა.
ახალი მთავრობის წარდგენის პარალელურად ქაბულში თავშესაფრის მაძიებელთა საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც “თალიბანის” წევრებმა დაშალეს.
გავრცელებულ ვიდეოში ისმის იარაღის გასროლის ხმაც, თუმცა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. „თალიბანის“ წარმომადგენლებმა ასევე რამდენიმე ჟურნალისტი დაიჭირეს.
საპროტესტო აქციებს აგრძელებენ ქალებიც, რომლებიც თავიანთი უფლებების დასაცავად იბრძვიან.
ქაბულის აეროპორტიდან ამ დროისთვის მხოლოდ შიდა ფრენები სრულდება, როგორც “თალიბანის” წარმომადგენლები აცხადებენ, ქვეყნის დატოვებას მხოლოდ ის ადამიანები შეძლებენ, რომლებსაც შესაბამისი დოკუმენტაცია ექნებათ.