მთავარისაქართველოახალი შტამების გავრცელების გამო, ეპიდემიოლოგები საქართველოში მორიგ ეპიდაფეთქებას ვარაუდობენ

ახალი შტამების გავრცელების გამო, ეპიდემიოლოგები საქართველოში მორიგ ეპიდაფეთქებას ვარაუდობენ

კორონავირუსის ახალი შტამების გამო ეპიდემიოლოგები მეხუთე ტალღის მოლოდინში არიან. ჯერჯერობით კვლავ ძალაში რჩება დაწესებული შეზღუდვებიც. ჯანდაცვის სამინისტროში მიაჩნიათ, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ საყოველთაო იმუნიტეტის სწრაფად ჩამოსაყალიბებლად მნიშვნელოვანია, ყოველდღიურად 30 ათასი ადამიანი მაინც აიცრას. როგორც ცნობილია, საქართველოში ვაქცინირებულთა რაოდენობა სამიზნე მაჩვენებლის ნახევარს უახლოვდება და, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების თქმით, ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ინფექციის გავრცელების მხრივ, რეალური გარდატეხა მოხდეს.

„ახალი ტალღების მოლოდინი, რა თქმა უნდა, გლობალურად ყველა ქვეყანას აქვს, რაც შესაძლოა, უკავშირდებოდეს განსხვავებული შტამების გამოჩენას და ასევე არასაკმარისად იმუნური ფენის ჩამოყალიბებას ქვეყანაში და რეგულაციების უგულვებელყოფას, ეს არის ის მიზეზები, რამაც შესაძლოა, ახალი ტალღა გამოიწვიოს. პირველი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ თავიდან ავიცილოთ ახალი ტალღის გავრცელება ისეთი სისწრაფით, რომელიც გასული, მეოთხე ტალღის, პერიოდში გვქონდა და აქ მთავარი ისევ კრიტიკული იქნება რეგულაციების დაცვა, ანუ ის რეგულაციები, რომლებიც დაწესებულია, განსაკუთრებით, პირბადე და სოციალური დისტანცია, კიდევ დიდხანს დაგვჭირდება და მისი ალტერნატივა არ არის. ვაქცინაცია სწრაფი, არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ამ პირობებში, არავაქცინირებული ადამიანი გახდება დარტყმის პირველი და ძალიან ძლიერი დარტმის პირველი სამიზნე. ამდენად, მნიშვნელოვანია ის, რომ ძალიან მცირე დარჩეს საზოგადოებაში არავაქცინირებული ჯგუფი და ეს იქნება დაცვის საშუალება“, – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის გამოსავლენად 16 ათასზე მეტი ტესტი ჩატარდა, საიდანაც ინფიცირების 1 120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში დადებითობის დღიური მაჩვენებელი 7%-მდეა. გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 4 905, ხოლო გარდაიცვალა 61 კოვიდინფიცირებული. გარდაცვლილთა შორისაა 15 წლის მოზარდი.

„პაციენტი ჩვენთან კლინიკაში შემოვიდა პირველში, მდგომარეობა იპყრობდა თავიდანვე ყურადღებას. იყო მძიმე, შესაბამისად, თავიდანვე მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში, პაციენტი, სამწუხაროდ, იყო ბევრი თანმხლები დაავადებით, როგორიცაა: ჰიდროცეფალია, რის გამოც ჩატარებული ჰქონდა ოპერაციული მკურნალობა, ჰემიპარეზი, ჭარბწონიანობა, სეფსისი – ეს ყველაფერი, ჯამში იწვევდა მისი დაავადების მძიმედ და რთულად მიმდინარეობას, მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა, სამწუხაროდ, გუშინ ღამით დაფიქსირდა გულის გაჩერება და კლინიკური სიკვდილი“, – აღნიშნა ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის დირექტორმა, დავით რეხვიაშვილმა.

სულ რამდენიმე დღეში სწავლა საკლასო ოთახებისა და აუდიტორების ნაცვლად კვლავ დისტანციურად დაიწყება. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლის აკადემიურ გარემოში განახლება თანაბრად მნიშვნელოვანია, რისთვისაც საჭიროა სტუდენტებისა და პედაგოგიური პერსონალის ვაქცინაცია.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend