მთავარიკუბიWhatsApp ევროკავშირის რეგულაციების დარღვევის გამო 225 მილიონი ევროთი დააჯარიმეს

WhatsApp ევროკავშირის რეგულაციების დარღვევის გამო 225 მილიონი ევროთი დააჯარიმეს

ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიამ კომპანია WhatsApp-ს ევროკავშირის მონაცემთა დაცვის რეგულაციების დარღვევის გამო 225-მილიონიანი ჯარიმა დააკისრა.

კომისიის განცხადებით, WhatsApp-მა საკუთარ მომხმარებლებს ვერ მიაწოდა სათანადო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იყენებს აპლიკაცია მათ მონაცემებს.

Facebook-ს, რომელიც WhatsApp-ის მფლობელია, ევროკავშირში სათავო ოფისი სწორედ ირლანდიაში აქვს, შესაბამისად, სწორედ ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიაა ევროკავშირში ამ კომპანიის მარეგულირებელი მთავარი ორგანო.

საკითხი, რაზეც მონაცემთა დაცვის კომისიამ WhatsApp დააჯარიმა ეხება 2018 წელს დაწყებულ გამოძიებას იმის შესახებ, სათანადოდ იცავდა თუ არა ამ დროს კომპანია ევროკავშირის რეგულაციებს.

კომპანია WhatsApp-ში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ საკითხს გაასაჩივრებენ.

ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიას ევროკავშირის ქვეყნების მარეგულირებელი ორგანოები ხშირად აკრიტიკებენ. მათი განცხადებით, კომისია საჩივრების განხილვას ძალიან დიდ დროს ანდომებს და არასათანადო ჯარიმებს ადგენს.

კომპანიის დაჯარიმებას მონაცემთა დაცვის ექსპერტი მაქს შრემსი ეხმაურება.

„ჩვენ მივესალმებით ირლანდიის მარეგულირებლის პირველ გადაწყვეტილებას. თუმცა 2018 წლის შემდეგ კომისია ყოველწლიურად დაახლოებით ათი ათას საჩივარს იღებს, მიუხედავად ამისა ეს პირველი მასშტაბური ჯარიმაა. ასევე, კომისიამ თავდაპირველად ჯარიმა 50 მილიონი ევროს ოდენობით დაადგინა, თუმცა ევროკავშირის სხვა მარეგულირებელი ორგანოების ზეწოლით კომისიამ ჯარიმა 225 მილიონ ევრომდე გაზარდა, რაც ფეისბუკის ფინანსური ბრუნვის მხოლოდ 0,08 პროცენტია. ევროკავშირის მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის მიხედვით ჯარიმის ოდენობა, შესაძლოა, კომპანიის ბრუნვის 4 პროცენტს აღწევდეს. ეს ცხადყოფს, რომ ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისია საკუთარ ფუნქციას კვლავ ვერ ასრულებს“, — წერს ის.

შრემსის განცხადებით, WhatsApp კომისიის ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, რაც ჯარიმის გადახდის თარიღს რამდენიმე წლით გადასწევს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend