მთავარიამერიკააშშაშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში შეხვდა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში შეხვდა

თეთრ სახლში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა  და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა გაიმართა. ორი ქვეყნის ლიდერმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.

კერძოდ, საუბარია დონბასში არსებულ ვითარებაზე, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე და ასევე, შავი და აზოვის ზღვების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ თემებზე.

,,მაქვს პატივი, მივესალმო პრეზიდენტ ზელენკის თეთრ სახლში, ჩვენ აღვნიშნავთ უკრაინის დამოუკიდებლობის 30 წლისთავს. ჩვენს შორის პარტნიორობა უფრო მეტად ძლიერდება. უკრაინასა და შეერთებულ შტატებს აქვთ მსგავსი ღირებულებების სისტემა. ამერიკის შეერთებული შტატები ერთგული რჩება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რომელსაც რუსეთი უქმნის საფრთხეს. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ უკრაინის ევროატლანტიკურ მისწრაფებას“,- განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

,,უპირველეს ყოვლისა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ბაიდენს მოწვევისთვის. ჩვენ გვაქვს დღის წესრიგი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობებისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ დღის წესრიგში არის უსაფრთხოება დონბასში, ყირიმში – რომელიც ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. მნიშვნელოვანია, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება. მსურს, გავუზიარო ჩემი ხედვა პრეზიდენტ ბაიდენს, თუ როგორ არის შესაძლებელი უკრაინის ნატოში ინტეგრაცია“,- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის სამშაბათს სტრატეგიული თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებით ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ამერიკისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებმა მოაწერეს, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.

გარდა ამისა, დოკუმენტით განისაზღვრება საერთო პრიორიტეტები, უსაფრთხოების კუთხით გაღრმავდება თანამშრომლობა, და ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში გაუწევს დახმარებას.

სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ აშშ-სა და უკრაინის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტების ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა, ორი ქვეყნის ლიდერი რუსეთს კვლავ მოუწოდებს, აიღოს ვალდებულება აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით და ეცადოს კონფლიქტის მოგვარებას ომის დასასრულებლად.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend