ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორი ჰანს კლუგე აცხადებს, რომ ჯანმოს ევროპის ოფისის მონიტორინგის ქვეშ არსებული 53 ქვეყნიდან 33-ში ბოლო ორი კვირის ახალი შემთხვევების სტატისტიკა მზარდია, მატება 10 პროცენტს აჭარბებს.
განსაკუთრებული მატებაა ბალკანეთის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში.
მისი თქმით ეს განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმის ფონზე, რომ ქვეყნების ნაწილში სამიზნე ჯგუფებში ვაქცინაციის ტემპი დაბალია.
იმატებს დატვირთვა საავდმყოფოებსა და ჯანდაცვის სექტორზეც, ბოლო კვირის განმავლობაში ჯანმოს ევროპის რეგიონში გარდაცვალების შემთხვევები 11 პროცენტით გაიზარდა.
ჯანმოს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ შემთხვევების მატება სამი ფაქტორითაა განპირობებული. პირველია დელტა შტამი, რომელიც უფრო მარტივად ვრცელდება. მეორე ფაქტორი შეზღუდვების შემსუბუქებაა. ტურისტული სეზონი და გახშირებული მოგზაურობა კი მესამე ფაქტორია.
კლუგე აცხადებს, რომ საჭიროა დაცვის რამდენიმე მექანიზმი, მათ შორის ვაქცინაცია და ნიღბები. ჯანმოში აცხადებენ, რომ ვაქცინაცია არის ის გზა, რომელიც მიგვიყვანს შეზღუდვების მოხსნამდე და ეკონომიკის სტაბილიზაციამდე.