მთავარისაქართველოჯერჯერობით უცნობია, როდის განახლდება სწავლა საკლასო ოთახებში

ჯერჯერობით უცნობია, როდის განახლდება სწავლა საკლასო ოთახებში

პანდემია საქართველოში

გასულ დღე-ღამეში 21 ათასზე მეტი ტესტი ჩაატარეს კორონავირუსის გამოსავლენად, რომელთაგან 1915  დადებითი აღმოჩნდა. კვლავ მაღალია გარდაცვლილთა რაოდენობა. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 78 ადამიანი დაიღუპა. რამდენიმე საათის წინ კი კორონავირუსის დიაგნოზით თბილისში 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ვირუსის გავრცელების დადებითობის კოეფიციენტი ქვეყანაში 9%-ს აღწევს, ვაქცინირებულთა რაოდენობამ კი უკვე გადააჭარბა მილიონ 164 ათასს, რომელთაგან ორი დოზით აცრილია 383 ათასზე მეტი.

როდის განახლდება სწავლა საკლასო ოთახებში და შემსუბუქდება შეზღუდვები – ჯერჯერობით უცნობია. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ვითარება საკმაოდ რთულია და შეზღუდვების შემსუბუქების არანაირი საფუძველი არ არის. მათივე განმარტებით, იქამდე, ვიდრე ეპიდემიოლოგიური სიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება, გადაწყვეტილებას ვერც სკოლებში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით მიიღებენ.

„სასკოლო გარემოში სწავლის განახლება, რა თქმა უნდა, ყველასთვის ყველაზე სასურველი მოდელია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და გაეროს ბავშვთა ფონდი ამ მიდგომას მხარს უჭერს. ყველაზე ბოლოს რაც უნდა შეჩერდეს და რასაც უნდა შეეხოს კოვიდრეგულაცია, არის სწავლა სასკოლო გარემოში, ასე იყო პანდემიის პირველივე დღეებიდან. ჩვენი დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, პირობები, რაც უკავშირდება სასკოლო გარემოში სწავლის დაწყებას, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, იქნება ინფექციის გავრცელების დონე და დადებითობის მაჩვენებელი. დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარება საკმაოდ რთულია. ვიდრე არ მოხდება ეპიდსიტუაციის საკმარისად დასტაბილურება, იმისთვის, რომ სასკოლო გარემო იყოს უსაფრთხო, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხდება, ასევე მნიშვნელოვანია ვაქცინაციის სტატუსი“, – თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

კვლავ მაღალია კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა საქართველოში. გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს კიდევ 78 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქავთარაძის საველე ჰოსპიტლის კოორდინატორი მერაბ ჩიქოვანი კი ამბობს, რომ საველე ჰოსპიტალში პაციენტების რაოდენობა მუდმივად იმატებს.

„ამ ეტაპზე მკურნალობას აგრძელებს 92 პაციენტი, მორიგეობის დროს განხორციელდა სამი პაციენტის რეფერალური მომსახურება მათი ზოგადი მდგომარეობის დამძიმების გამო. ბინაზე ოთხი პაციენტი გაეწერა. ვაგრძელებთ პაციენტების მიღებას. მეტწილად პაციენტები ჟანგბადდამოკიდებულები არიან, თუმცა პაციენტების გარკვეულ ნაწილთან სტაბილიზაცია და გაუმჯობესებაც აღინიშნება და სამომავლოდ იგეგმება მათი გაწერა ბინაზე“, – აღნიშნა ქავთარაძის საველე ჰოსპიტლის კოორდინატორმა მერაბ ჩიქოვანმა.

საქართველოში ვაქცინაციის პროცესი კი ინტენსიურად მიმდინარეობს. 30 აგვისტოს 11 საათის მონაცემებით, საქართველოში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 13.4%, ხოლო ერთი დოზით – ზრდასრული მოსახლეობის 27%-ზე მეტი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ეპიდვითარება ოქტომბრიდან შედარებით სტაბილური გახდება. მან დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ არსებულ ვითარებაში პირბადის ტარება და ვაქცინაცია საუკეთესო გამოსავალია, რათა ქვეყანა არ ჩაიკეტოს და ეკონომიკა განვითარდეს.

„ჩვენთვის მთავარი გამოსავალი ამ სიტუაციაში არის სწორედ აცრები და ყველას უნდა მოვუწოდოთ ვაქცინაციისკენ. მილიონ ადამიანს ძალიან მალე ავცრით, ალბათ, უახლოეს რამდენიმე დღეში. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ სექტემბრის ბოლომდე 2 მილიონი ჩვენი მოქალაქე იყოს აცრილი, აქედან ზოგი იქნება ერთჯერადად, ზოგი იქნება უკვე ორჯერადად აცრილი. ალბათ, მილიონს უკვე გადატანილი ექნება და აქვს კიდევაც გადატანილი და, საბოლოო ჯამში, ვფიქრობთ, ჩვენი ექიმებისა და მეცნიერების პროგნოზია, რომ შედარებით დასტაბილურდება სიტუაცია. რამდენიმე კვირა დაგვრჩა, უნდა გადავიტანოთ ყველამ ერთად ეს მძიმე პერიოდი და ოქტომბრიდან, ყველა პროგნოზის მიხედვით, იქნება მშვიდი პერიოდი, დამშვიდდება სიტუაცია. თუმცა, რა თქმა უნდა, მანამდე უნდა მივიდეთ მობილიზებულად და ეს სიტუაცია უნდა იმართოს“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველოში კორონავირუსის პიკი, გარკვეულწილად, გადავლილია. მომდევნო დღეების პროგნოზი კი სწორედ იმაზეა დამოკიდებული, რამდენად დაიცავენ რეგულაციებს მოქალაქეები.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend