საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ ქვეყანაში არსებულ მძიმე ეპიდსიტუაციის ფონზე სკოლებში სწავლის დაწყებაზე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ. ამის შესახებ მან დღეს, 30 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
“საკლასო ოთახებში სწავლის გაგრძელება არის ყველასთვის სასურველი მოდელი, UNICEF-იც და WHO-ც ამ მიდგომას მხარს უჭერს – ყველაზე ბოლოს, რასაც უნდა შეეხოს კოვიდრეგულაცია, ეს არის სწავლა. ჩვენი დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც უკავშირდება სასკოლო გარემოში სწავლის დაწყებას, პირველ რიგში, იქნება ინფექციის გავრცელების დონე და დადებითობის მაჩვენებელი. დღევანდელი ეპიდსიტუაცია საკმაოდ რთულია, ვიდრე არ მოხდება ეპიდსიტუაციის საკმარისად დასტაბილურება, რომ სასკოლო გარემო იყოს უსაფრთხო, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხდება…” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მანვე აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ისაუბრებენ განათლების სამინისტროსთან ერთად და შემდეგ უკვე გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო მიიღებს.