მთავარიაზიაავღანეთიქაბულის აეროპორტში აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 90-მდე გაიზრდა

ქაბულის აეროპორტში აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 90-მდე გაიზრდა

ქაბულის აეროპორტში აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 90-მდე გაიზრდა, მათ შორისაა 13 ამერიკელი ჯარისკაცი.

ავღანეთში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარდაცვლილთა შორის არიან ბავშვებიც, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 158-ს აჭარბებს.

პირველ აფეთქებამდე, 25 და 26 აგვისტოს, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა აფრთხილებდა თავის მოქალაქეებს, მორიდებოდნენ აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიას.

საელჩოს გამოქვეყნებულ გაფრთხილებაში არ იყო ნახსენები, თუ რა საფრთხე არსებობდა აშშ-ს მოქალაქეებისთვის, მაგრამ ეწერა: “იყავით ყურადღებით, განსაკუთრებით, ხალხმრავალ ადგილებში”.

26 აგვისტოს, საღამოს, როცა ქაბულის აეროპორტში ავღანელები შედიოდნენ, მათ ორი თვითმკვლელი ტერორისტი და შეიარაღებული პირი დაესხა თავს. ისლამური სახელმწიფოს ავღანურმა დაჯგუფებამ უკვე აიღო პასუხისმგებლობა  სამივე აფეთქებაზე. მათ გაავრცელეს ფოტო, რომელზეც ასახულია ერთ-ერთი ტერორისტი ასაფეთქებელი ქამრით, შავი დროშითა და ნიღბით. მათი განცხადებით, ისინი ებრძვიან თალიბანს, რომელსაც მიიჩნევენ მოღალატედ. ისლამური სახელმწიფო მხარს არ უჭერს თალიბანის სამშვიდობო შეთანხმებას შეერთებულ შტატებთან. შეთანხმების მიხედვით, 31 აგვისტომდე შეერთებული შტატებისა და მოკავშირე ქვეყნების მთავრობებმა ავღანეთიდან თავიანთი მოქალაქეების გაყვანა უნდა დაასრულონ.

პენტაგონში აცხადებენ, რომ ქაბულის აეროპორტთან აფეთქებები „ისლამურმა სახელმწიფომ“ მოაწყო.  ამის შესახებ განცხადება აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის მეთაურმა – გენერალმა კენეთ მაკკენზიმ – გააკეთა.

,,საფრთხე, როგორც დღეს დავინახეთ, რეალურია და ის ისლამური სახელმწიფოსგან გვემუქრება. ასევე გამოვხატავ უდიდეს პატივისცემას და ვამაყობ ჩვენი ძალებით, რომლებმაც გადალახეს ეს წინააღმდეგობები და შეძლეს მშვიდობიანად გამოეყვანათ ადამიანები ავღანეთიდან“, – განაცხადა აშშ-ის შეიარაღებული ძალები ცენტრალური სარდლობის მეთაურმა.

ქაბულში მომხდარ აფეთქებებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქაბულის აეროპორტთან ტერორისტული აქტის მიუხედავად, აშშ-ს მთავრობა გააგრძელებს, ამერიკელების მოკავშირე ქვეყნების მოქალაქეებისა და ავღანელების ქვეყნიდან გამოყვანას.

„მათ, ვინც ეს თავდასხმა მოაწყო, ასევე ნებისმიერს, ვისაც სურს ამერიკას ავნოს, იცოდეთ: არ გაპატიებთ, არ დავივიწყებთ, ჩვენ მოგაგნებთ და გაზღვევინებთ. მე დავიცავ ჩვენს ინტერესებსა და ჩვენს ხალხს ჩემს ხელთ არსებული ყველა საშუალებით“, – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

ქაბულში აფეთქებების დროს დაღუპულთა პატივსაცემად აშშ-ის ტერიტორიაზე დროშებს დაუშვებენ. როგორც თეთრი სახლის პრესსპიკერმა განაცხადა, დროშები დაშვებული იქნება ყველა სახელმწიფო შენობასა და სამხედრო ბაზაზე.

ამ დროისთვის ავღანეთიდან ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირე ქვეყნების მთავრობებმა 104 ათასი ადამიანის გაყვანა მოახერხეს.

შეთანხმების თანახმად კი, 31 აგვისტოს უნდა დასრულდეს ავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუაცია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend