მთავარიამერიკააშშ„კარტერლენდი“ - ახალი დოკუმენტური ფილმი ჯიმი კარტერის შესახებ

„კარტერლენდი“ – ახალი დოკუმენტური ფილმი ჯიმი კარტერის შესახებ

კარტერლენდი“ – ასე ჰქვია ახალ დოკუმენტურ ფილმს ამერიკის შეერთებული შტატების 39-ე პრეზიდენტზე ჯიმი კარტერზე. კარტერი პრეზიდენტის პოსტს 1977 წლიდან 1981 წლამდე იკავებდა. კვლევების თანახმად ამერიკელების აზრით, ჯიმი კარტერი დიდად გამორჩეული პრეზიდენტი არ ყოფილა. თუმცა, ფილმის „კარტერლენდის“ რეჟისორების აზრით, მისი მმართველობის პერიოდში არაერთი პროგრესული რეფორმა გატარდა.

1976 წელს ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა ჯიმი კარტერმა მოქმედი რესპუბლიკელი პრეზიდენტი ჯერალდ ფორდი დაამარცხა. ამერიკელმა ხალხმა კარტერი მხოლოდ ერთი ვადით აირჩია. 1979 წელს ირანში 52 ამერიკელი მძევლად აიყვანეს. შექმნილი კრიზისის შედეგად კარტერის რეიტინგი მკვეთრად დაეცა. შედეგად 1980 წელს იგი არჩევნებში რონალდ რეიგანმა უზარმაზარი სხვაობით დაამარცხა. ბევრი ამერიკელის აზრით, ჯიმი კარტერის პრეზიდენტობა არაფრით გამოირჩეოდა. თუმცა, ახალი დოკუმენტური ფილმის „კარტერლენდის“ რეჟისორები ამ აზრს არ ეთანხმებიან.

„როცა მისი მმართველობის პერიოდი შევისწავლეთ აღმოვაჩინეთ რომ კარტერი იბრძოდა იმ ფასეულობებისთვის, რომლებსაც დღეს ბევრი პროგრესული ადამიანი იზიარებს. აღსანიშნავია რომ ის ამ იდეებს 1970-იან წლებში აჟღერებდა. ქალთა უფლებები, თანასწორობა, გარემოს დაცვა. ჩვენ გაკვირვებულები დავრჩით როცა გავიგეთ რომ კარტერი ამ თემებით იყო დაინტერესებული“, – ამბობს რეჟისორი ჯიმ პატისი.

პრეზიდენტობის შემდეგ ჯიმი კარტერი აქტიურად იყო ჩართული ჰუმანიტარულ პროგრამებში. იგი მთელ მსოფლიოში იბრძოდა ადამიანის უფლებების დასაცავად, რის გამოც ამერიკელმა ხალხმა იგი უფრო მეტად შეიყვარა.

„ბევრი ამერიკელი ფიქრობს, რომ ჯიმი კარტერი საუკეთესო ყოფილი პრეზიდენტია. პრეზიდენტობის შემდეგ იგი ძალიან პოპულარული გახდა. თუმცა, როდესაც მის პრეზიდენტობის წლებზეა საუბარი მას დიდად არ აქებენ ხოლმე“, – ამბობს რეჟისორი.

ახალი დოკუმენტური ფილმის „კარტერლენდის“ პრემიერა ატლანტის ფილმის ფესტივალზე გაიმართა. ფართო აუდიტორიას მისი ნახვა 29 აგვისტოდან შეეძლება.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:20
spot_imgspot_img
Send this to a friend