მთავარი აზია ავღანეთი ავღანეთის შიდა მიგრანტთა 80% ქალი და ბავშვია

ავღანეთის შიდა მიგრანტთა 80% ქალი და ბავშვია

საკუთარი სახლი ათიათასობით  ავღანელმა დატოვა. მათ თალიბანის დაპირებების არ სჯერათ და გარბიან.  არ იციან რა ელით, მაგრამ რისკავენ და საკუთარ ქვეყანაში ლტოლვილები ხდებიან.

ასეთი ადამიანების უმეტესობა ქალი ან ბავშვია. მათ არ იციან რა გზით გავიდნენ  ქვეყნიდან, ან რა ელით ქვეყნის გარეთ. გაეროს მონაცემებით, მხოლოდ ბოლო 6 კვირაში  დაახლოებით 18 000 პირი ჩავიდა ქაბულში სხვა პროვინციებიდან –  უსაფრთხოების ძიებაში. თუმცა,  შემდეგ ქაბულიც დაეცა…

ავღანელი ქალები ცდილობენ დაიმალონ, მხოლოდ იმიტომ რომ ქალები არიან.  გაეროს  ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა მათთვის ბანაკები მოაწყო და დროებითი თავშესაფარი მისცა. იქ ლტოლვილებს შესაძლებლობა აქვთ, რომ  რეალობას დაემალონ, თუმცა შიში მაინც არ  ტოვებთ.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელი ავღანეთში, კაროლინ ვან ბურენი მიიჩნევს, რომ ეს სწორედ ის საკითხია, რაშიც ყველანაირი ჰუმანიტარული ძალისხმევა უნდა ჩაიდოს.

„ავღანეთში, საკუთარ მიწაზე იძულებით გადაადგილებულ  პირთა შორის ძირითადად ქალები და ბავშვები არიან. მათი წილი 80%-ს შეადგენს. მათ სჭირდებათ  თავშესაფარი, ჯანდაცვა, ელემენტარული სანიტარული პირობები და პირველადი მოხმარების  ნივთები… ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ავღანეთის მეზობელ ყველა ქვეყანას,  გახსნან საზღვრები მათთვის, ვინც ავღანეთში თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს. ავღანელმა ხალხმა ძალიან ბევრს  გაუძლო ბოლო ოთხი ათწლეულის კონფლიქტების დროს. ჩვენ არ უნდა დავტოვოთ ისინი  დღეს!“- აცხადებს UNHCR-ის წარმომადგენელი ავღანეთში, კაროლინ ვან ბურენი.

გაეროს  ლტოლვილთა  უმაღლესი კომისარიატი  დღესდღეობით ავღანეთში წარმოდგენილია მხოლოდ  200 თანამშრომლით, თუმცა ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციების დახმარებით, ბანაკებში   მომუშავე მოხალისეთა  რაოდენობა აღწევს  900-ს. მათ წვდომა აქვთ ქვეყნის ყველა პროვინციაზე, თუმცა ეს არ არის საკმარისი. დღითიდღე იზრდება საკუთარ მიწაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა და  უფრო მეტი ქალი და ბავშვი რჩება ბედის ანაბარა.

ავღანეთში გაეროს ბავშვთა ფონდმაც მოაწყო ბანაკები. იქ ძირითადად ბავშვები ცხოვრობენ.  პატარები,  რომელთაც  არანაირი პასუხისმგებლობა არ აქვთ ქვეყანაში არსებულ  პოლიტიკურ მოვლენებზე, თუმცა ამ გარემოების ყველაზე დიდი მსხვერპლნი არიან. ეს მათი დროებითი სახლია, მათ ხვალინდელ დღეზე კი წარმოდგენა ბუნდოვანია…

არიანი, UNICEF-ის კომუნიკაციის ოფიცერი ავღანეთში ამბობს, რომ ბოლო დღეებში უფრო და უფრო მეტ ოჯახს უწევს მიატოვოს საკუთარი სახლი  და ეძებოს უსაფრთხო ადგილი.

„ბოლო დროს,   400-ზე  მეტი ოჯახი გაიქცა ავღანეთის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქებიდან. მათ ქაბულამდე მიაღწიეს და ბანაკებში  მოხვდნენ. UNICEF  ბავშვებსა და მათ მშობლებს   უზრუნველყოფს საკვებით, ფსიქოლოგიური დახმარებით და პირველადი ჯანდაცვით. ასევე სთავაზობს დროებით თავშესაფარს იმ ბავშვებს, რომელთაც დიდი გზა მშივრებმა გაიარეს”,- აცხადებს AP-სთან საუბარში  არიანი, UNICEF-ის კომუნიკაციის ოფიცერი ავღანეთში.

2021  წლის დასაწყისიდან დღემდე, 390 ათასზე მეტი ავღანელია ლტოლვილი საკუთარ ქვეყანაში, მათგან ნახევარზე მეტი არასრულწლოვანია. თალიბანი ცდილობს თავი ზომიერ ძალად წარმოაჩინოს და აცხადებს, რომ არ აპირებს შურისძიებას. თუმცა, ვრცელდება ცნობები, რომ თალიბები სახლებს უკვე ჩხრეკენ და ეძებენ იმ ადამიანებს, რომლებიც ავღანეთის მთავრობასა და კოალიციურ ჯარებთან თანამშრომლობდნენ. ამიტომ, მოსახლეობის ნაწილი გარბის.  თუმცა,  სად არის მათი საბოლოო დანიშნულების ადგილი, ამაზე ბევრ მათგანს ჯერ არ აქვს წარმოდგენა.

სოფო მაქაცარია

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend