მთავარიაზიაავღანეთიავღანეთიდან გაქცეული პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს

ავღანეთიდან გაქცეული პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს

მას შემდეგ, რაც ,,თალიბანმა“ ავღანეთის ხელისუფლება ხელში ჩაიგდო, ასობით ავღანელი ქვეყნის დატოვებას ყოველდღიურად ცდილობს.

ვისაც არ გააჩნია პირადობის დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტი, ცდილობს, ფეხით გადაკვეთოს ავღანეთის საზღვარი.

მაშინ, როცა ავღანეთის სასოწარკვეთილი მოქალაქეები ქვეყნის დატოვებას ცდილობენ, ქვეყნიდან გაქცეულმა პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ  ავღანეთში დაბრუნებას აპირებს.

„ახლა საამიროებში ვიმყოფები. რომ დავრჩენილიყავი, ქაბულში სისხლისღვრა დაიწყებოდა. ქაბული ძალაუფლებისათვის ბრძოლის გამო არ უნდა გადაქცეულიყო იემენად ან სირიად, ასე რომ, იძულებული გავხდი წავსულიყავი. ავღანეთში დასაბრუნებლად სხვადასხვა გზას განვიხილავ, რათა გავაგრძელო ბრძოლა სამართლიანობის, ჭეშმარიტი ისლამური და ეროვნული ღირებულებებისათვის”, – განაცხადა ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ.

ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ტელეკომპანია ,,ეიბისისთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ქაოსის გარეშე შეუძლებელი იყო.

,,ჩვენ კიდევ მოგვიწევს ამ ყველაფერზე თავიდან დაფიქრება. არსებობს მოსაზრება, რომ ამა თუ იმ ხერხით შესაძლებელი იყო სამხედროების ქაოსის გარეშე გამოყვანა.მე არ ვიცი ეს როგორ იყო შესაძლებელი”,- განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

ავღანეთში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც. მისი თქმით, ვიეტნამის ომის დროს განვითარებულ მოვლენებზე უარესია, როდესაც ქაბულის აეროპორტში ავღანელები ასაფრენად გამზადებულ თვითმფრინავში მოხვედრას ცდილობენ.

„აშშ არასდროს ყოფილა ასეთი დამცირებული, როგორიც ახლაა. ეს ეხება, როგორც სამხედრო თვალსაზრისით მარცხს, ისე ფსიქოლოგიურს. ახლა ათასობით ადამიანია ჩარჩენილი ავღანეთში. ძალიან რთული სიტუაციაა. მე ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რამ შეიძლება მომხდარიყო“, – განაცხადა ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

გაერომ ავღანეთიდან თანამშრომლების ევაკუაცია დაიწყო. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პრესსპიკერის თქმით, ისინი მუშაობას ყაზახეთიდან გააგრძელებენ. საუბარია 100-მდე უცხოელზე, რომელთა გაყვანა ავღანეთიდან დაწყებულია. მან ასევე ისაუბრა ავღანელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების საჭიროებაზეც.

,,მიუხედავად უზარმაზარი გამოწვევებისა, გაერო და სხვა არასამთავრობო ჰუმანიტარული ორგანიზაციები მზად არიან, დაეხმარონ ავღანეთში მილიონობით გაჭირვებულ ადამიანს. ამავდროულად, დაიცვან კაცობრიობის ჰუმანიტარული პრინციპები, ნეიტრალიტეტი, მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა”, – აცხადებს  გაეროს პრესსპიკერი სტეფან დუჟარიკი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend