ჰაიტის ოფიციალური პირების განცხადებით, გასულ უქმეებზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი კიდევ 500-ით გაიზარდა. კუნძულს ტროპიკულმა ქარიშხალმა „გრეისმაც“ გადაუარა. ამის გამო დროებით შეჩერდა დაკარგულთა სამძებრო სამუშაოები, რამაც ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია.
ტროპიკულმა შტორმმა მიწისძვრის შედეგად ქვეყნის ყველაზე დაზარებულ სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს გადაუარა. ახლომახლო დასახლებებსა თუ ქალაქებში ნალექი და ქარი გამოიწვია. უხვი ნალექი მოვიდა ქვეყნის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსიშიც.
ჰაიტის სამოქალაქო უსაფრთხოების სააგენტოში განაცხადეს, რომ მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 1900-ს გადასცდა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 9900-ამდე გაიზარდა. ბევრი დაშავებული სამედიცინო მომსახურების მიღებას საავადმყოფოების გარეთ, სიცხეში, ძლიერ წვიმისა და ქარში ელოდა. ოფიციალური პირების განცხადებით, 7.2 მაგნიტუდის მიწისძვრამ 7000-ზე მეტი სახლი სრულად გაანადგურა, 5000-ზე მეტი კი დააზიანა, რის შედეგადაც 30 000-ზე მეტი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.
კუნძულზე ასევე საგრძნობლად დაზიანდა საავადმყოფოები, სკოლები, საოფისე შენობები და ეკლესიები.
ტროპიკული შტორმის – „გრეისის“ – მიერ გამოწვეულმა ძლიერმა ქარმა და უხვმა ნალექმა ასევე გაზარდა წყალდიდობებისა და მეწყრული პროცესების საშიშროება. როგორც ცნობილია, ტროპიკული ქარიშხალი ახლა იამაიკისა და კუბის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილისკენ დაიძრა.