საველე ჰოსპიტალი უკვე მზად არის იმისათვის, რომ საჭიროების შემთხვევაში, კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტები მიიღოს. ამ ტერიტორიას მას შემდეგ გამოიყენებენ, რაც ჰოსპიტალური სექტორის რესურსი ამოიწურება. როგორც ცნობილია, ამ ადგილას მომუშავე ექიმები სრულად გადამზადებულები არიან და მათ საშუალება ექნებათ მართონ როგორც საშუალო სიმძიმის, ასევე მძიმე პაციენტები.
„როდესაც აღარ იქნება რესურსი ჰოსპიტალურ სექტორში, სრულად იქნება გამოყენებული ყველა საწოლი, მხოლოდ მას შემდეგ მივიღებთ ჩვენ პაციენტებს ამ ადგილზე“, – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილთა 99.7% აუცრელია, სრულად ვაქცინირებულ პირთა შორის საქართველოში სიკვდილის ფაქტი არ გამოვლენილა.
სრულად ვაქცინირებულ პირებში ინფიცირებული მხოლოდ 0.19%-ია.
18 აგვისტოს თბილისში კიდევ ერთი მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი გაიხსნა. თბილისში. COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ტერიტორიაზეც არის შესაძლებელი.
„მე სამხრეთ აფრიკის მოქალაქე ვარ, ამ ცენტრის შესახებ დღეს დილით სოციალური ქსელის მეშვეობით შევიტყვე. მოვედით და რიგში ჩავდექით. საკმაოდ მალე ავიცერი. ვაქცინაციის პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, კმაყოფილი ვარ“, – თქვა ეი ჯეი დე კარვალიო აბრეუმ.
„პფაიზერით“ ავიცერი და, სხვათა შორის, დღეს დილით გავიგე. ჩაწერილი ვიყავი სხვა კლინიკაში, 7-ში და ეს რომ გავიგე ძალიან გამიხარდა და ეგრევე წამოვედი“, – აღნიშნა ნინო გიორგაძემ.
ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად განხორცილების მიზნით, მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესში სამხედრო ექიმები უკვე ჩაერთვნენ.
ანა ალელიშვილი