მთავარიევროპარუსეთი30 წლის წინ, 18 აგვისტოს საბჭოთა კავშირში უშედეგო სამხედრო გადატრიალება მოეწყო

30 წლის წინ, 18 აგვისტოს საბჭოთა კავშირში უშედეგო სამხედრო გადატრიალება მოეწყო

რადიკალი კომუნისტების მიერ საბჭოთა კავშირის ლიდერის, მიხეილ გორბაჩოვის დროებით დაკავებისა და იმპერიის დედაქალაქ მოსკოვში შინაგანი ჯარების შენაერთების შესვლის ფონზე, მთელი მსოფლიო სულგანაბული ადევნებდა თვალს მოვლენებს.

ბევრი შიშობდა, რომ გორბაჩოვის მიერ გატარებული რეფორმები გაუქმდებოდა, მოსკოვი და ვაშინგტონი კი კონფრონტაციის მდგომარეობას დაუბრუნდებოდნენ.

სამხედრო გადატრიალება სამ დღეში ჩაიშალა, მოხდა სწორედ ის, რის თავიდან აცილებასაც აჯანყებულები ცდილობდნენ, ვლადიმერ ლენინის მიერ შექმნილი კომუნისტური იმპერია დაიშალა.

18 აგვისტოს, საბჭოთა კავშირის ლიდერს, მიხეილ გორბაჩოვს, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე სანატორიუმში ისვენებდა, იმპერიის სამხედრო და პოლიტიკური მაღალჩინოსნები ეწვივნენ და მას სახელმწიფოს მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მოსთხოვეს.

აჯანყებულებს საბჭოთა რესპუბლიკებს შორის ორ დღეში დაგეგმილი ახალი სამეკავშირეო ხელშეკრულების გაფორმების ჩაშლა სურდათ, მათი აზრით ამ ხელშეკრულების გაფორმება საბჭოთა კავშირის დაშლას გამოიწვევდა.

გორბაჩოვის აზრით კი სწორედ, ამ ახალი ხელშეკრულებით შეიძლებოდა საბჭოთა კავშირის გადარჩენა.

სახელმწიფოს მთელი მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გაჟღერებულ მოთხოვნაზე, გორბაჩოვის მიერ ცივი უარის თქმის შემდეგ, აჯანყებულებმა გარე სამყაროს მოწყვეტილი და ყოველგვარი კომუნიკაციის შესაძლებლობის გარეშე მყოფი კომუნისტი ლიდერი სანატორიუმში დააპატიმრეს.

ამ შემთხვევას, გორბაჩოვის პრესმდივანი, ანდრეი გრაჩევი იხსენებს.

„გორბაჩოვი სამი დღის განმავლობაში იყო დაპატიმრებული, მაგრამ როგორც კი ის გაანთავისუფლეს და მას მოსკოვში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცა, ის ამჯერად უკვე ბორის ელცინის ტყვე გახდა, ვინაიდან სწორედ ბორის ელცინის დამსახურებით მოხდა კომუნისტური პარტიის გენერალური მდივნის ტყვეობიდან დახსნა“, – ყვება ანდრეი გრაჩოვი, მიხეილ გორბაჩოვის ყოფილი პრესმდივანი.

1991 წლის 19 აგვისტოს ერთა სატუსაღოს მოქალაქეებმა მთავრობის მიერ კონტროლირებადი მედიისგან მათი ლიდერის ჯანმრთელობის უცაბედი გაუარესების შესახებ შეიტყვეს.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფოს ქაოსისა და ანარქიისგან გადარჩენისთვის ცენტრალური კომიტეტი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობას აცხადებდა.

მოულოდნელი ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე იმპერიის დედაქალაქ მოსკოვში ასობით ტანკი და სხვა სახის ჯავშანტექნიკა გამოჩნდა.

სამხედროთა კონცენტრაციის მიუხედავად, ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა, მათ ერთ-ერთი საბჭოთა რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციის მთავრობის სახლთან, ფედერაციის ხელმძღვანელის, ბორის ელცინის გარშემო მოიყარეს თავი.

საბჭოთა კავშირის უშიშროების სამსახურის მეთაურმა, ვლადიმირ კრიუჩკოვმა კი, რომელიც აჯანყებულთა რიგებში იყო ბორის ელცინის რეზიდენციასთან სპეციალური დანიშნულების რაზმი გაგზავნა, მაგრამ ამ უკანასკნელის დაპატიმრების ბრძანება არასოდეს გაუცია. საბჭოთა კავშირის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ანდრეი დუნაევი 30 წლის წინ განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.

“მთავრობის სახლთან დაახლოებით 1000 მდე ჯარისკაცი გაიგზავნა. ყოველი მათგანი კბილებამდე შეიარაღებული იყო. ცენტრალური კომიტეტის წევრებმა ჩათვალეს, რომ მთავრობის სახლის დაკავება მარტივი საქმე იქნებოდა. მთავრობის სახლის დასაცავად სამხედრო კადეტები იყვნენ მზად, წარმოიდგინეთ რა მასშტაბის ტრაგედია შეიძლება მომხდარიყო“, – იხსნებს საბჭოთა კავშირის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ანდრეი დუნაევი.

აჯანყებულთა მიერ მთავრობის სახლთან მიგზავნილი შინაგანი ჯარების სამხედროთა ნაწილი პროტესტის მონაწილეთა მხარეს გადავიდა. რამდენიმე საათში ნათელი გახდა, რომ აჯანყების დასასრული დაიწყო. აჯანყების ფიასკო კიდევ უფრო თვალსაჩინო, აჯანყების მეთაურთა მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა.

მღელვარე, ოფლიანი და აკანკალებული ერთ დროს მრისხანე აჯანყებულები, ჟურნალისტების კრიტიკულ შეკითხვებს ვერ პასუხობდნენ.

ამ ყველაფრის ფონზე კი წელში გამართული, ბრძოლისათვის მზადყოფნი, ბორის ელცინი საოცარ კონტრასტს ქმნიდა. მთავრობის სახლის წინ, ტანკზე მდგარი ელცინის კადრები მთელი მსოფლიოში გავრცელდა.

მთავრობის სახლის წინ მეორე დღეს 200 ათასზე მეტი მოქალაქე შეიკრიბა.

აჯანყებულებმა ცეცხლის გახსნის შესახებ ბრძანების გაცემა ვერ გაბედეს.

აჯანყება ჩაიშალა, აჯანყებულები კი დააპატიმრეს.

ქვეყნის დაპატიმრებული ლიდერი გაანთავისუფლეს და ის მოსკოვში დაბრუნდა. გორბაჩოვს მოსკოვში ძალთა შეცვლილი ბალანსი დახვდა.

გადაწყვეტილებებს უკვე ბორის ელცინი იღებდა.

დაპატიმრებული აჯანყებულები 1994 წელს ამნისტიის ფარგლებში გაანთავისუფლეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend