სახლთან მდებარე შადრევანი და სათამაშო მოედანი 4 წლის ანასტასიას მამას, ალექსანდრ ტარაიკოვსკის ახსენებს. ტარაიკოვსკი 2020 წლის აგვისტოში ბელარუსში გამართული საპროტესტო აქციების პირველი მსხვერპლი იყო.
34 წლის ალექსანდრ ტარაიკოვსკი საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. პოლიციის თქმით, მას ხელში აუფეთქდა ხელყუმბარა, რომლის სროლასაც პოლიციისთვის აპირებდა. თუმცა მისმა ქვრივმა ელენა გერმანმა განაცხადა, რომ ცხედარს ხელზე დაზიანებები არ ჰქონია, მას მკერდზე ეტყობოდა ჭრილობა, რომელიც ნატყვიარს ჰგავდა. ამ ამბიდან ერთი წელი გავიდა, თუმცა გამოძიება ჯერ კიდევ არ დაწყებულა.
„ბელარუსში კანონის უზენაესობა არ არსებობს. ვცდილობთ, ამ ფაქტს როგორმე წინ აღვუდგეთ; ჩვენ გვინდა, სისხლის სამართლის გამოძიება დავიწყოთ, მაგრამ უარს გვეუბნებიან. ჩემი შვილებისთვის აქ მომავალს ვერ ვხედავ. არ მინდა, მათ სკოლასა თუ ბაღში პროპაგანდას ასწავლიდნენ. მინდა, რომ თავისუფალ ადამიანებად გაიზარდნონ“, – ყვება გარდაცვლილი ალექსანდრ ტარაიკოვსკის მეუღლე, ელენა გერმანი.
9 აგვისტოს ერთი წელი შესრულდება, რაც ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა მეექვსე ვადით აირჩიეს. არჩევნები ბევრმა გაყალბებულად მიიჩნია. დემონსტრანტები ბელარუსის ქუჩებში გამოვიდნენ და მისი გადადგომა მოითხოვეს.
პოლიციამ მშვიდობიანი აქცია რეზინის ტყვიებითა და შუქხმოვანი ყუმბარებით დაარბია.
„ჩვენი მთავარი შეცდომა ის იყო, რომ რეჟიმის სისასტიკე სათანადოდ ვერ შევაფასეთ. მზად არ ვიყავით ამ ძალადობისა და წამების წინააღმდეგ გვებრძოლა. ჩვენ გვჯეროდა, რომ ასობით, ათასობით ადამიანი ქუჩაში რომ გამოვიდოდა, რეჟიმი მათ მაინც მოუსმენდა. არ ვიცით, რა მოვლენა გამოიწვევს მდგომარეობის შეცვლას, მაგრამ ცვლილებები მიმდინარეობს. საბჭოთა კავშირი 6 დღეში დაიშალა“, – ამბობს ბელარუსი ოპოზიციონერი, სვეტლანა ციხანოვსკაია.
პოლიციამ 35 000-ზე მეტი ადამიანი დააკავა, ხოლო ათასობით ადამიანს ფიზიკურად გაუსწორდა. ოპოზიციონერებმა ციხეში 11 თვე გაატარეს. ახლა კი, მათ შესაძლოა, სამუდამო პატიმრობა, ან სიკვდილი მიუსაჯონ, რაც, სამწუხაროდ, დღემდე დაშვებულია ბელარუსში.
ლუკაშენკამ დისიდენტები დასავლეთის ქვეყნების აგენტებად გამოაცხადა და არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ისინი ეგრეთ წოდებული „ფერადი რევოლუციის“ მოწყობის მცდელობაში მონაწილეობდნენ.
„ჩვენ ე.წ. „ფერადი რევოლუციის“ ტექნოლოგიებზე ძლიერები აღმოვჩნდით. ახლა დასავლეთის ქვეყნები ბელარუსის მაგალითის მიხედვით შეიმუშავებენ თავიანთ კონცეფციებს, თეორიასა და პრაქტიკას. მათ გაიაზრეს, რომ გარკვეულ სიტუაციაში, მაგალითად, ბელარუსში, მათი გეგმა არ იმუშავებს“, – აცხადებს ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკა.
პოლიტიკური კრიზისის ფონზე ლუკაშენკამ ძალაუფლების შენარჩუნება რუსეთის დახმარებით შეძლო. რუსეთის ხელისუფლება მას სამხედრო მხარდაჭერას დაჰპირდა, ბელარუსის ეკონომიკის აღსადგენად კი 1.5 მილიარდი დოლარი გამოყო.