2011 წელს „ჟასმინის რევოლუციის“ შედეგად ტუნისში 27-წლიანი დიქტატურა დასრულდა. თუმცა, რევოლუციის შემდეგ ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები გაჩნდა.
ამის გამო 25 ივლისს ქვეყნის პრეზიდენტმა კაის საიდმა ტუნისის მთავრობა და პარლამენტი დაითხოვა, რამაც ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია.
ტუნისის პარლამენტისა და პრემიერ-მინისტრის ოფისის წინ სამხედროები არიან განლაგებული.
ამჟამად ქვეყანაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებები მიმდინარეობს.
25 ივლისს პრეზიდენტმა კაის საიდმა თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა, რამაც ოპოზიციის უკმაყოფილება გამოიწვია. თუმცა, საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება მან ტუნისის უკეთესი მომავლისთვის მიიღო.
„ასე უკეთესია. კაის საიდი კარგი ლიდერია, იგი ქურდებს დაიჭერს. მათ ჩვენ რევოლუცია წაგვართვეს“, – ამბობს გამყიდველი აბდელჰამიდ რიაჰი.
ქურდებში აბდელჰამიდი ტუნისის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებს გულისხმობს.
აბდენ ნასერი ტუნისის 2011 წლის „ჟასმინის რევოლუციის“ ერთ-ერთი სიმბოლოა. როცა ტუნისის ყოფილი პრეზიდენტი ზინ ელ-აბიდინ ბენ ალი ქვეყნიდან გაიქცა, აბდენმა დაარღვია კომენდანტის საათი და ამ ამბის აღსანიშნად ქუჩაში გამოვიდა.
„ყველაფერი დეტალურად მახსოვს. გამარჯვების შეგრძნება დამეუფლა. ორჯერ დამაპატიმრეს. პოლიცია სასტიკად მცემდა, თუმცა არ დავნებებულვარ. პრეზიდენტ ბენ ალის წინააღმდეგ 18 წლის ასაკიდან ვიბრძოდი“, – იხსენებს ადვოკატი აბდენ ნასერი.
ბოლო 10 წლის განმავლობაში ტუნისში ბევრი რამ შეიცვალა. ტუნისური ვალუტა 50 პროცენტით გაუფასურდა. ქვეყანაში ცხოვრება გართულდა. კორონავირუსის პანდემიამ კი მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად დაამძიმა, ახლა ტუნისელები ცვლილებებს კვლავ მოითხოვენ.
„პრეზიდენტი კაის საიდი ამბობს, რომ არ სურს დიქტატურის დამყარება. მისი თქმით, იგი პატივს სცემს ადამიანის უფლებებს. თუმცა, ეს მან თავისი პოლიტიკით უნდა გვაჩვენოს. იმისათვის, რომ სახელმწიფო ინსტიტუციებმა გამართულად იმუშაონ, ძლიერი მთავრობაა საჭირო. ჯერჯერობით კი ასეთი მთავრობა არ გვყავს“, – აცხადებს პოლიტიკური ანალიტიკოსი ტაჰარ აბდესალემი.
ტუნისში პოლიტიკური კრიზისი უკვე თვეებია გრძელდება. მომავალში გამოჩნდება, თუ რამდენად შეძლებს ქვეყანა კვლავ ფეხზე დადგომას