მთავარი საქართველო საბჭოთა ტერორის დღე

საბჭოთა ტერორის დღე

საბჭოთა წარსული… წარსული, რომელიც არასოდეს დარჩება წარსულად, თუ ყოველთვის არ გვეხსომება  რა მოხდა მაშინ. თუ არ გვემახსოვრება ნაწამები და დახვრეტილი ადამიანების სახელები. თუ არ ჩამოვთვლით ამ სახელებს კიდევ და კიდევ…

საქართველოს არ აქვს საბჭოთა რუსული ოკუპაციის და კომუნისტური ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა მოხსენიების ეროვნული დღე.

“საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია” 2019 წლიდან მიმართავს საზოგადოების ინიციატივით ასეთ დღედ 30 ივლისი, –  სსრკ შინსახკომის ბრძანება #00447-ის გამოსვლის თარიღი დაწესდეს. ეს დღე – 1937-1938 წლების დიდი საბჭოთა ტერორის ყველაზე მასობრივი და სისხლიანი ოპერაციის დასაწყისის დღე იყო.

“სტალინს პირადი ვენდეტები ჰქონდა. მას ქართველი კომუნისტებისგან უარყოფის კომპლექსი ჰქონდა. სწორედ ამიტომაც, განსაკუთრებით ოციან წლებში, როდესაც ამ შენობაში იყო განლაგებული ჩეკა, სტალინის უშუალო მითითებით, საქართველოში სისხლის მდინარეები დადგა.“ – ამბობს ისტორიკოსი, გიორგი კანდელაკი.

ეს უკვე ტრადიციად აქცია „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ“ ყოველ 30 ივლისს, საღამოს 6  საათზე  მოქალაქეები ინგოროყვას ქუჩის ერთ-ერთ შენობასთან იკრიბებიან და საჯაროდ კითხულობენ ტერორის მსხვერპლთა სახელებს.

ინგოროყვას 22 ნომერში  საბჭოთა საქართველოს ჩეკას შენობა მდებარეობს, რომელიც საბჭოთა ტერორის უმთავრესი ხსოვნის ადგილია.

„30 ივლისი არის 1937-1938 წლების, დიდი საბჭოთა ტერორის ყველაზე სისხლიანი კულაკური ოპერაციის დაწყების თარიღი. ამ სამოქალაქო ინიციატივით, ვცდილობთ რომ ჩეკას სახლის წინ, რომელიც არის ერთ-ერთი ბოლო ცოცხალი, ფიზიკური მოწმე საბჭოთა ტერორის და რეპრესიების, რეპრესიების მსხვერპლთა სიების წაკითხვით დავამკვიდროთ ამ დღის ცერემონია“, – ამბობს ირაკლი ხვადაგიანი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი.

საქართველო ისევე როგორც რიგი სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, სახელმწიფოებრიობის მშენებლობის გზაზე საბჭოთა წარსულიდან მოსულ აჩრდილებს აწყდება, 70 წლიანი რუსული ოკუპაცია, რომელიც საქართველოსა და უკრაინის ზოგ რეგიონში სამწუხაროდ დღემდე გრძელდება, საზოგადოებრივი თვალსაზრისითაც სერიოზულ გამოწვევად რჩება.

„ეს ყველაფერი უნდა გვახსოვდეს იმიტომ, რომ ჩვენც არ ჩავვარდეთ იმ დღეში, რა დღეშიც არის საბჭოთა კავშირის ის ნაწილი, რომელმაც ვერ გაიაზრა წარსული და დღემდე ჩარჩა საბჭოთა კავშირში. ჩვენთანაც ეს ბრძოლა მიმდინარეობს, ამიტომაც ასეთი ღონისძიებები აუცილებელია“, – ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი, მოძრაობა 20 ივნისის თანადამფუძნებელი.

დღეს კიდევ ერთი 30 ივლისი დადგა. მსხვერპლთა ხსოვნის კიდევ ერთი დღე.  და გაისმოდა ინგოროყვას ქუჩაზე რეპრესირებულთა სახელები და გვარები და ასევე, 1941 წელს თბილისიდან დეპორტირებული გერმანელების სახელები.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:55

ერთი ექიმის ამბავი

Send this to a friend