მთავარი საქართველო „საქართველოში მედია საფრთხეშია“ - ჟურნალისტები და არასამთავრობო სექტორი

„საქართველოში მედია საფრთხეშია“ – ჟურნალისტები და არასამთავრობო სექტორი

საქართველოში მედია საფრთხეშია – ასე ფიქრობს ჟურნალისტების, მედიამენეჯერებისა და არასამთავრობო სექტორის ნაწილი. სწორედ მედიის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გაიმართა დღეს, 27 ივლისს, შეხვედრა, კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ ინიციატივით. შეხვედრაზე მომხსენებლები იყვნენ როგორც ჟურნალისტები და მედიაორგანიზაციების ხელმძღვანელები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საერთო ღონისძიების მთავარი მიზანი მედიის დაცვა და ჟურნალისტებზე თავდასხმის შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირების მექანიზმების შემუშავებაა.

შეხვედრა მედიის უსაფრთხოებისთვის – ამ ღონისძიების ყველა მონაწილე თანხმდება, რომ საქართველოში ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას საფრთხე ყოველდღიურად ემუქრება. სწორედ ამიტომ, მედიის წარმომადგენლებმა და არასამთავრობო სექტორმა გამოსავლის ერთობლივად ძებნა დაიწყეს.

„ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ ჟურნალისტების, ოპერატორების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, რასაც 5 და 6 ივლისს განსაკუთრებით დაემუქრა საფრთხე. აგრესია, რომელიც არის წახალისებული, უფრო და უფრო იზრდება. ყოველდღიურად ვხედავთ სახიფათო შემთხვევებს“ – აცხადებს კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ კოორდინატორი ნათია კაპანაძე.

„მთავარი საფრთხე არის ერთი მხრივ, ძალადობა, რომელიც ხელისუფლების მხრიდან არის წახალისებული და მეორე მხრივ, ხელისუფლების უმოქმედობა, როდესაც არ ხდება ძალადობრივი ფაქტების გამოძიება“, – აცხადებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი მარიამ გოგოსაშვილი.

მედიას, 5 ივლისის აქციის გაშუქებისას, მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ „თბილისი პრაიდის“ ღონისძიების მოწინააღმდეგეები. ჟურნალისტებს, ოპერატორებს, ფოტოგრაფებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ. ჟურნალისტები ამბობენ, რომ საფრთხეს ყოველდღიურად გრძნობენ.

„დღევანდელ შეხვედრაზე, რა თქმა უნდა, ისმოდა 5 და 6 ივლისის მოვლენების შეფასებები. თითქმის ყველა შევთანხმდით, რომ ეს დღე იყო ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული სადამსჯელო ოპერაცია მედიის მიმართ. ეს არ იყო წახალისება, ეს იყო თავდასხმა ქართულ მედიაზე, თავისუფალ მედიაზე, დემოკრატიულ ღირებულებებზე და ჩვენს ევროპულ ორიენტაციაზე“, – აცხადებს სტუდია „მონიტორის“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი ნინო ზურიაშვილი.

„როცა ჟურნალისტს და ოპერატორს რაიმე დავალებაზე ვუშვებთ, მიტინგზე და აქციაზე კი არა, უბრალოდ რესპონდენტის ჩასაწერად, უკვე მაშინაც კი ვნერვიულობთ, რამდენად მშვიდობიანად დაუბრუნდებიან ისინი თავის ნიუსრუმს. სიტუაცია არის საგანგაშო და ამ განგაშის ზარმა განაპირობა ის, რომ მაქსიმალური მობილიზება მოხდეს დემოკრატიული რესურსის, რათა ჩვენი საერთო ხმა კარგად გაიგოს როგორც ჩვენმა, ასევე საერთაშორისო საზოგადოებამ“, – ამბობს ტელეკომპანია „ფორმულას“ დირექტორის მოადგილე, ჟურნალისტი გიორგი თარგამაძე.

მედია ასეთ დროს მოძალადეების პირისპირ ზოგჯერ მარტო რჩება. ასე მოხდა 5 ივლისსაც. სწორედ ამ დღეს სცემეს უმოწყალოდ „ტვ პირველის“ ოპერატორ ლექსო ლაშქარავასაც. არასამთავრობო სექტორში ფიქრობენ, რომ გამოსავალი საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება და მათი მხარდაჭერაა.

„სამოქალაქო სექტორს, მედიის ჩათვლით, ჰყავს ძალიან ძლიერი საერთაშორისო პარტნიორები, აქვს საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები და ჩვენ ამ ყველაფერს გამოვიყენებთ. ძალადობისკენ მიდრეკილ ხელისუფლებას აშინებს ის, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ხალხი მაინც ხმამაღლა გაჰყვირის სიმართლეს, ეს არის მათ წინააღმდეგ მთავარი იარაღი. გისურვებთ უსაფრთხო მუშაობას, მადლობა კიდევ ერთხელ. დარწმუნებული იყავით, რომ უნდა გავუძლოთ რაღაც პერიოდს და მერე მივაღწევთ ცხოვრების იმ სტანდარტს, რაც ჩვენ ყველას გვინდა, ეს არის მშვიდობა“ – განაცხადა შეხვედრის დასრულებისას ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა ანა აბაშიძემ.

ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია – საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 17.

ნანუკა მეშველაშვილი

უახლესი

სხვა ამბები

00:01:55

ერთი ექიმის ამბავი

Send this to a friend