ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაციის ინფორმაციით, მათი ანგარიშები ძალოვანმა სტრუქტურებმა გაყინეს. ამის შესახებ ინფორმაცია მათ ოფიციალურ ტელეგრამ არხზე გამოაქვეყნეს. მათი თქმით, ანგარიშებს ყადაღა ჩხრეკის შემდეგ დაადეს.
ბოლო 10 დღის განმავლობაში ბელარუსში მედიის 63 წარმომადგენლის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. სავარაუდოდ დაკავებულია 34-მდე ჟურნალისტი.
ჟურნალისტების მასშტაბური დევნა ბელარუსში 8 ივლისს დაიწყო, როდესაც ძალოვნები შეიჭრნენ გამოცემა „ნაშა ნივას“ ოფისში, დაბლოკეს მათი ვებგვერდი, დააკავეს რამდენიმე თანამშრომელი და მათ შორის მთავარი რედაქტორი. გასულ კვირას ბელარუსი სამართალდამცველები მივიდნენ რამდენიმე რეგიონულ და კერძო მედიაორგანიზაციაშიც. მათ გაჩხრიკეს ოფისები და დაკითხეს ჟურნალისტები.
გარდა ამისა, გაჩხრიკეს ბელარუსში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა სახლები და დააკავეს დაახლოებით 20-მდე უფლებადამცველი და აქტივისტი. დაკავებულ ჟურნალისტებსა და უფლებადამცველებს ბრალს სხვადასხვა მუხლით უყენებენ, მათ შორის არის ტერორიზმი, მასობრივი არეულობების წახალისება, იარაღის უკანონო შენახვა და გადასახადებისგან თავიდან აცილება.
დამოუკიდებელი მედიისა და ტელეგრამარხების დაპირისპირება ბელარუსში ჯერ კიდევ 2020 წლის აგვისტოს დაიწყო, როდესაც ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა და ლუკაშენკო მეექვსედ გახდა ქვეყნის პრეზიდენტი. დასავლეთის ქვეყნებმა არჩევნების შედეგები არ აღიარეს და განაცხადეს, რომ არჩევნები არ იყო გამჭვირვალე და თავისუფალი. ქვეყანაში დაიწყო მასობრივი აქციები, რომლებიც ჩაახშეს ძალოვანმა სტრუქტურებმა. დაპირისპირების დროს დაშავდა ათასობით ადამიანი, ასობით კი დააკავეს.
#Belarus The reality Belarusian journalists are facing right now:
– 107 searches have taken place in the editorial offices and apartments of journalists since the beginning of the year
– 63 of them were searched in the last 10 days
– 34 media representatives are in jail right now pic.twitter.com/UlMsFAu4Ll— Hanna Liubakova (@HannaLiubakova) July 19, 2021