ესპანეთში ზოგიერთ საავადმყოფოში ვაქცინაციის 24-საათიანი ცენტრები გახსნეს. ღამით ვაქცინაციისთვის ძირითადად ახალგაზრდები მიდიან, რადგან ფიქრობენ, რომ ეს მარტივი და სწრაფი პროცედურაა.
ორშაბათიდან ვაქცინის მიღება 16 წლის მოქალაქეებსაც შეუძლიათ. ესპანეთში 21 მილიონზე მეტი ადამიანია ვაქცინირებული, რაც ქვეყნის მოსახლეობის 46 პროცენტია.
ესპანეთში ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო ორი კვირის განმავლობაში თითქმის გასამმაგდა. დელტა ვარიანტის გავრცელების გამო ქვეყანაში მკაცრდება შეზღუდვები. რამდენიმე რეგიონში კომენდანტის საათი ისევ დაწესდა, ხოლო ჩრდილოეთით რესტორნებსა და ბარებში შიდა სივრცეები დაიკეტა.
ქვეყნის მასშტაბით ყველა რესტორანს მუშაობის უფლება 12:30 საათამდე აქვს.
ესპანეთის მთავრობა ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლებს მოუწოდებს, რომ შეზღუდვები დააწესონ ხალხმრავალ სანაპიროებზეც.
მიუხედავად ინფიცირების მაღალი მაჩვენებლისა, დიდ ბრიტანეთში საყოველთაო კარანტინი მოიხსნება. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა. ბრიტანეთში დელტა ვარიანტი ვრცელდება, თუმცა გარდაცვლილთა რაოდენობას საგრძნობლად არ მოუმატია. ბორის ჯონსონის განცხადებით, ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში 7 მილიონი დოზა ვაქცინა გამოიყენეს.
„შემდეგი კვირისთვის ზრდასრულების ორ მესამედს ორი დოზა ვაქცინა ექნება გაკეთებული. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, უნდა ავიცრათ, ამით ჩვენს ოჯახებს დავიცავთ და მოგზაურობასაც შევძლებთ. რა თქმა უნდა, ვაქცინაციის დამსახურებაა, რომ ამ ფრთხილ ნაბიჯებს ვდგამთ. მაგრამ შეზღუდვები რომ მოვხსნათ, ვაქცინაცია აუცილებელია. ამიტომ გთხოვთ, აიცერით“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.
საბერძნეთში ჯანდაცვის სფეროში მომუშავე პერსონალი, რომელიც არ იქნება აცრილი, სამსახურებრივ მოვალეობას დროებით ვერ შეასრულებს. ახალი გადაწყვეტილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა ისაუბრა.
„პირველი სექტემბრიდან ვაქცინაცია სავალდებულო გახდება როგორც საჯარო ასევე კერძო სამედიცინო დაწესებულების მედპერსონალისთვის. წარმოუდგენელია, რომ, მაგალითად, არავაქცინირებულმა ექთანმა იმუნიტეტდაქვეითებულ, კიბოთი დაავადებულ პაციენტს უმკურნალოს“, – ამბობს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი.
16 აგვისტოდან საავადმყოფოების თანამშრომლებს დაითხოვენ, თუ ისინი ვაქცინაციისთვის არ დარეგისტრირდებიან. ასევე ქვეყნის მასშტაბით ბარების, კინოსა თუ თეატრების შიდა სივრცეებით სარგებლობა მხოლოდ ვაქცინირებულ მოსახლეობას შეეძლება. საბერძნეთში მოსახლეობის 40 პროცენტია ვაქცინირებული. თუმცა ბოლო კვირების განმავლობაში ვაქცინაციის პროცესი შენელდა, ინფიცირებულთა რაოდენობა კი გაიზარდა. სწორედ ამიტომ ხელისუფლება მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის ვაქცინაციას სავალდებულოს ხდის.