მთავარისაქართველონინო ლომჯარია - პირველ რიგში, პასუხისმგებლობას ვაყენებ, როგორც პოლიტიკოსებზე, ისე სამართალდამცავ ორგანოებზე

ნინო ლომჯარია – პირველ რიგში, პასუხისმგებლობას ვაყენებ, როგორც პოლიტიკოსებზე, ისე სამართალდამცავ ორგანოებზე

ექსპერტიზა უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ეს ფორმა იყო ოჯახის და გარდაცვლილის მიმართ უპატივცემულობა. შესაძლებელი იყო უფრო ადამიანურად მომხდარიყო ეს ყველაფერი, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ საუბრისას განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს ჰქონდა ინფორმაცია „ძალადობრივი ჯგუფების შესახებ, პრევენციული ღონისძიებები არ გატარებულა“.

„პირველ რიგში, პასუხისმგებლობას ვაყენებ, როგორც პოლიტიკოსებზე, ისე სამართალდამცავ ორგანოებზე. ბუნებრივია, ამ ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორებზე, სახელმწიფოზე იმიტომ, რომ ეს ძალადობრივი ჯგუფები წლების განმავლობაშია, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ძალიან ღიად იმუქრებოდნენ, რომ ჩაიდენდნენ ძალადობას, მათ შორის, არაერთი საჯარო შეკრების ადგილზე. ძალიან ღიად ამბობდნენ და მოუწოდებდნენ მომხრეებს, რომ მათგან განსხვავებულები არიან მტრები, ისინი ვალდებულები არიან იძალადონ მათგან განსხვავებულზე.

შესაბამისად, სახელმწიფოს ჰქონდა ყველა წინაპირობა და ინფორმაცია, რომ ეს ძალადობრივი ჯგუფები არიან კარგად ორგანიზებულები. მიუხედავად ამისა, პრევენციული ღონისძიებები არ გატარებულა.

ის, რაც ვნახეთ, ეს იყო არაადამიანური დამოკიდებულება, გარდაცვლილი ოჯახის წევრების მიმართ და უპატივცემლობა გარდაცვლილის მიმართ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ყველას გვსურს დროულად ვიხილოთ ექსპერტიზის შედეგები.

ექსპერტიზა უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ეს ფორმა იყო ოჯახის და გარდაცვლილის მიმართ უპატივცემულობა. შესაძლებელი იყო, უფრო ადამიანურად მომხდარიყო ეს ყველაფერი“,-აღნიშნავს სახალხო დამცველი.

ცნობისთვის, “ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. ლაშქარავას 5 ივლისს “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend