ჰიმალაის მთების მახლობლად მდებარე ქაშმირის რეგიონში ინდოელი სამედიცინო მუშაკები მომთაბარეებისთვის ვაქცინის მიწოდებას ცდილობენ.
რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო მათ ხშირად მთაში ფეხით გადაადგილება უწევთ. ადგილობრივების დიდი ნაწილი მომთაბარე ცხოვრების სტილით ცხოვრობს. ისინი ყოველ სეზონზე იცვლიან საცხოვრებელს, რაც მათ პოვნას კიდევ უფრო მეტად ართულებს.
„ჩვენ ყოველთვის ვიცვლით ადგილს, რათა ნახირისთვის საძოვარი ვიპოვოთ. პირველი ვაქცინა უკვე გაკეთებული მქონდა, ახლა კი ექიმები მეორეჯერაც მოვიდნენ, რისთვისაც მადლობელი ვარ“, – ამბობს მომთაბარე ჯალალ-უდ-დინი.
თუმცა, ბევრი მომთაბარე ვაქცინის გაკეთებისგან თავს იკავებს. სამედიცინო მუშაკები მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ და მათ გადარწმუნებას ცდილობენ.
„ძალიან გვიჭირს, დავარწმუნოთ ადამიანები, რომ ვაქცინის გაკეთება მათთვის სასარგებლოა. ჩვენ მივდივართ მომთაბარეების ბანაკებთან და ვცდილობთ, ისინი აცრის გაკეთებაზე დავითანხმოთ. განსაკუთრებით ბევრს ვესაუბრებით 45 წელზე უფროს ადამიანებს“, – ამბობს სამედიცინო მუშაკი ტაჯამულ ჰუსეინ ხანი.
სოფლად მცხოვრები მოსახლეობა აცრის მიმართ უნდობლობას გამოხატავს. ზოგი მიიჩნევს, რომ ვაქცინა იწვევს იმპოტენციას, უნაყოფობას ან სიკვდილს.
„მე უარი ვთქვი ვაქცინის გაკეთებაზე. ცუდი წინათგრძნობა მაქვს. არ ავიცრები, რადგან ვფიქრობ, რომ ეს ჩემს ჯანმრთელობას დააზიანებს”, – ამბობს მომთაბარე ამჯად ხანი.
„ყველას ეშინოდა ვაქცინის გაკეთებისა, თუმცა ექიმებმა დამარწმუნეს, რომ ეს საჭიროა. მათ ამიხსნეს, რომ ჭორებს არ უნდა ავყოლოდი. ამიტომაც დღეს ავიცერი“, – ამბობს მომთაბარე კულსუმა ბანო.
ქაშმირის რეგიონის ინდოეთის მიერ კონტროლირებად ნაწილში 14 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მთავრობის განცხადებით, აქედან 9 პროცენტი უკვე აცრილია.