მთავარისაქართველომოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტში ბოიკოტის ფონზე

მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტში ბოიკოტის ფონზე

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის ბოიკოტის ფონზე გრძელდება. 9 კანდიდატიდან ოთხს უკვე მოუსმინეს. ოპოზიციის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ მორიგი ფარსი მიმდინარეობს, რასაც სასამართლოს რეალურ რეფორმასთან საერთო არაფერი აქვს.

“ქართული ოცნების“ მიერ მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა და საერთოდ ამ პროცესის გაგრძელება, ეს არის ფარსი და ფიქცია. ფაქტობრივად, შარლ მიშელის შეთანხმება თავზე გადაახიეს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ეს ქმედება, რასაც ივანიშვილის პარტია ახორციელებს საერთოდ არღვევს ამ შეთანხმების რეალობას. ოპოზიციის დიდი ნაწილი არ მივიღებთ მონაწილეობას ამ ფარსში, მეტიც ხმის მიცემისას, წინააღმდეგ წავალთ“, – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია, ძალა ერთობაშია“-ს წევრმა რომან გოცირიძემ.

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებით, ოპოზიცია ცდილობს ხელი შეუშალოს შარლ მიშელის დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, მათ შორის სასამართლო რეფორმასთან მიმართებაში. „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა გამოცხადებულ ბოიკოტს უსაფუძვლოს, მოსამართლეების დანიშვნის პროცესს კი გამჭვირვალეს უწოდებს.

„ეს პროცესი არის მაქსიმალურად გახსნილი და გამჭვირვალე. პირდაპირ ონლაინ ეთერში გადაიცემა გასაუბრებები და ყველა მოქალაქეს აქვს მისი ნახვის საშუალება. ასევე, ოპოზიციისა და არასამთავრობოების ნაწილი, აკადემიური საზოგადოება ესწრება ამ განხილვებს. რაც შეეხება იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტს გვიცხადებს, მათ სრული მორალური უფლება არ აქვთ საერთოდ მოსამართლეების და სასამართლოს საკითხზე ისაუბრონ. „ლელოც“ სამწუხაროდ მარგინალიზაციის და „ნაციონალური მოძრაობის“ გზას ადგას“, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.

საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, პარლამენტში დაიწყო პროცესი, რომელიც ეწინააღმდეგება ხელისუფლებისა და ოპოზიციის ნაწილის მიერ 19 აპრილს ხელმოწერილ „შარლ მიშელის შეთანხმებას.” მოსამართლეთა მოსმენას ბოიკოტს უცხადებს სახალხო დამცველის აპარატიც. კანდიდატების მოსმენა 10 ივლისამდე გაგრძელდება. შემდეგ კი პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, განამწესებს თუ არა 9 მოსამართლეს უვადოდ უზენაეს სასამართლოში.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend