მთავარიაზიაავღანეთიავღანელები თალიბანის მმართველობის დამყარების შიშით ქვეყანას ტოვებენ

ავღანელები თალიბანის მმართველობის დამყარების შიშით ქვეყანას ტოვებენ

ამერიკელი ჯარისკაცების მიერ ავღანეთის დატოვების პარალელურად, ათასობით ავღანელი მოქალაქე ქვეყნიდან გაქცევას ცდილობს. მათ თალიბანის მმართველობის დამყარების ეშინიათ. ავღანელები ქაბულში ვიზის შოვნას ცდილობენ, თუმცა ხშირ შემთხვევაში მათ საკმარისი ფული არ აქვთ. იმტიაზ მოჰმანდი ფულს ნესვების გაყიდვით შოულობს. რამდენიმე დღეში ის თავის ოთხ მეგობართან ერთად ავღანეთიდან ირანის გავლით თურქეთში გადაპარვას აპირებს.

„ქვეყანაში სამუშაო ადგილები საერთოდ არ არის. სამ-ოთხ დღეში ავღანეთიდან უნდა წავიდე. შემოსავალი თითქმის არ გვაქვს, სხვა შემთხვევაში  საკუთარ ქვეყანას არ დავტოვებდი“, – ამბობს ქუჩის გამყიდველი იმტიაზ მოჰმადი.

ავღანეთი ისეთი აღარაა, როგორიც ის 2001 წელს იყო, როდესაც ამერიკამ ჯარისკაცები აქ 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ თალიბანთან საბრძოლველად შეიყვანა. ახლა აქ ინტერნეტია, ბევრ ადამიანს აქვს მობილური ტელეფონი, ქალები კი დასაქმებული არიან.  თალიბანი აცხადებს, რომ ისინი მოსახლეობას ხელს არ ახლებენ, თუმცა ბევრს მათი არ სჯერა.

„ძალიან გვეშინია თალიბანის დაბრუნებისა. გვინდა, დავტოვოთ ქვეყანა, სანამ მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება“, – ამბობს სტუდენტი სადაფ ატაიე.

„ავღანეთის უმეტესი რეგიონი თალიბანის ხელშია. აბსოლუტურად ყველა რეგიონში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. ისინი უკვე პროვინციების ცენტრებს აკონტროლებენ. აქ მოვედი, რომ ავიღო პასპორტი და გავიქცე ავღანეთიდან. აქ ყოფნა უსაფრთხო არაა“, – ამბობს ქაბულის მცხოვრები მოჰამად ვასიმი.

მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა ამერიკელი სამხედროების ავღანეთიდან გაწვევის ბრძანება გასცა, ქაბულში მდებარე საელჩოებთან გრძელი რიგებია.

„ჩვენმა ხალხმა ბოლო 40 წელიწადში ბევრი რამ გადაიტანა. მოსახლეობა ფიქრობს, რომ ჩვენი მთავრობა სიტუაციას ვერ აკონტროლებს. შეიძლება, სამოქალაქო ომიც დაიწყოს. ამიტომაც ბევრი ავღანელი საზღვარგარეთ წასვლას ცდილობს“, – ამბობს ლექტორი აბდულა საედი.

ბევრი ავღანელი, რომელთაც ვიზის აღების საშუალება თუ იმედი არ აქვთ, სხვა ქვეყნებში გადასვლას არალეგალური გზებით შეეცდება. მათი უმეტესობა ევროპაში მოხვედრას ოცნებობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend