მთავარი გადაცემები ოკეანე რიგითი აქტინიის გადასარჩენად...

რიგითი აქტინიის გადასარჩენად…

ანდალუზიის თბილ და მზიან სანაპიროზე  ზღვის აქტინიების ადგილობრივი სახეობები ბინადრობენ.

დაღარული აქტინია, რომელიც  სანაპიროს ეკოსისტემაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ფარმაცევტული თვისებებითაც გამოირჩევა და ადგილობრივ სამზარეულოშიც ღირსეული ადგილი უკავია – მისი სახელი ბევრი რესტორნის მენიუში შეგხვდებათ.

ჩეჩუ გონსალესი, María de la O restaurant-ის შეფმზარეული ამბობს, რომ  ამ პროდუქტს ადგილობრივები ძალიან ხშირად იყენებენ მისი მრავალფეროვანი თვისებების გამო. თანაც, „მას ძალიან ორიგინალური ზღვის გემო აქვს და მისი მომზადების მრავალი რეცეპტი არსებობს.”

აქტინიას მომზადება ძალიან ადვილია: ფქვილში უნდა ამოგანგლო და ერთი წუთის განმავლობაში მდუღარე ზეითუნის ზეთში ხარშო. დაბრაწული კანის ქვეშ აქტინია რბილი და წვნიანია. ვინც, სინჯავს, როგორც წესი, მოხიბლული რჩება.

ჩეჩუ გონსალესი, María de la O restaurant-ის შეფმზარეული:

„ვინც კი აქტინიას პირველად სინჯავს, განცვიფრებული რჩება  მისი გემოთი და ჟელესებრი ტექსტურით. ვისაც მანამდე არ გაუსინჯავს, უკვირს და ძალიან მოსწონს!“

თუ კერძს ავოკადოს კრემს, ცერეცოს, ჩოღანოსა და ნივრის ყვავილებს დაამატებ, როგორც ამას შეფმზარეული აკეთებს, ნამდვილი დელიკატესი გამოვა.

ანა ესტერ ორტიზმა ის აქტინიები, რომლებსაც  რესტორანაში მიირთმევენ,  Ortimar-ის პროექტის  ფარგლებში გაზარდა. ეს პროექტი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ფართომასშტაბიანი პროგრამის  Pleamar-ის ნაწილია, რომლის მიზანიც გადაშენების პირას მისული აქტინიების  გამრავლებაა.

ანა ესტერ ორტის მალდონადო, კომპანია iMare Natural-ის  აკვაკულტურის მენეჯერი:

„ყველა აქტინიას, რომელთა ყიდვაც დღეს მომხმარებელს ბაზარში ან რესტორანში შეუძლია, ზღვის ფსკერიდან იღებენ, რის გამოც მათი რაოდენობა ბუნებრივ გარემოში საგრძნობლად შემცირდა. ამიტომ საჭიროა კარგი მენეჯერული მექანიზმის მოფიქრება, რადგან ამის გარეშე ეს სახეობები გადაშენების საფრთხის წინაშე მდგარ სახეობათა სიაში შევლენ.“

ესპანეთის ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ზოლში ბოსტნეულის უამრავი სათბურია, თუმცა მათ შორის ერთი განსხვავებული ფორმა შევნიშნეთ. წარსულში ამ ცისტერნებს თევზის მოსაშენებლად იყენებდნენ, დღეს კი ექსპერიმენტში ჩართეს.

გრანადის უნივერსიტეტის მიერ დაარსებულმა  კომპანიამ iMare Natural-მა აქტინიების გამრავლების ეფექტიანი და მდგრადი მეთოდი აღმოაჩინა.

მეცნიერებმა ასობით აქტინია ამოიღეს ზღვიდან და ხელოვნური განაყოფიერების გზით მათი რაოდენობა გაახუთმაგეს. აქტინიები ძალიან მგრძნობიარე არიან წყლის ტემპერატურისა და შემადგენლობის მიმართ. მეცნიერებმა ბუნებრივი გარემოს მსგავსი პირობები შექმნეს და თან მინიმუმამდე დაიყვანეს აკვაკულტურის მთავარი პრობლემა: საკვები და ქიმიური დაბინძურება.

ნარჩენების შემცირება ხშირად აკვაკულტურის მთავარი გამოწვევაა. iMare Natural-მა ეს საკითხიც მოაგვარა.

ანა ესტერ ორტის მალდონადო, კომპანია iMare Natural-ის  აკვაკულტურის  მენეჯერი:

„ჩვენ ზღვის მცირე ეკოსისტემა გვაქვს. სისტემის სისუფთავის შესანარჩუნებლად  ზოგიერთი სახეობა სხვა სახეობის  ორგანულ ნარჩენებს იყენებს. ეს ამცირებს როგორც  ნახშირბადის გამონაბოლქვს,  ისე ზღვის წყლისა და ელექტროენერგიის მოხმარებას.“

ეს მეთოდი სოფლის მეურნეობაშიც გამოდგება: ჩოღანოს – იგივე ზღვის სატაცურის – ეს ჰიდროპონური პლანტაცია იმავე მლაშე წყალში ხარობს, რომელსაც ზღვის ცხოველები და მიკროწყალმცენარეები იყენებენ.

მარტა დელგადო ჰერერა, კომპანია iMare Natural-ის აკვაკულტურის მკვლევარი:

„ ამ მცენარის ფესვები საკვებს წყლიდან იღებს, რითაც წყალს ჭარბი აზოტისაგან ასუფთავებს. გასუფთავებული წყალი კი ამ მილსადენებით ისევ ცისტერნაში მიედინება.“

ეს მიდგომა, რომელიც ინტეგრირებული მრავალკომპონენტიანი აკვაკულტურის სახელითაა ცნობილი, ზღვის სახეობების გამრავლებას ისე უწყობს ხელს, რომ გარემოს მინიმალური ზიანი ადგება.  ეს ევროპის თევზსაშენების განვითარების ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი მიმართულებაა: ევროკავშირის სტრატეგიის სახელმძღვანელოებში განსაკუთრებული აქცენტი გადატანილია გარემოს დაცვასა და ინოვაციებზე აკვაკულტურაში.

აქტინიების ზღვაში დაბრუნების დრო რომ მოდის, ანა და მარტა ზღვაში თავთხელ ადგილზე შეჭრილ ცარიელ კლდეებს არჩევენ, სადაც ბევრი მზეა.

ანა ესტერ ორტის მალდონადო, კომპანია iMare Natural-ის  აკვაკულტურის მენეჯერი:

„აქტინიები იმავე ცარცის ფირფიტაზე რჩებიან, რომელზეც აკვაკულტურის საშენში იზრდებოდნენ. ამ ფირფიტებს ვათავსებთ კლდის ქვეშ, ქვიშაში, ისე, რომ აქტინიებმა კოლონიზაციის პროცესი გააგრძელონ.“

ანა ფიქრობს, რომ ეს ტექნოლოგია აქტინიების გარდა, შესაძლებელია, სხვა უხერხემლო ცხოველებზეც გავრცელდეს – „როგორებიცაა ზღვის ზღარბი, ზღვის ვარსკვლავა და ზღვის ღრუბელი, რომლებსაც ბიომედიცინასა და ბიოტექნოლოგიებში იყენებენ.“

გრანადის უნივერსიტეტში ფიზიოლოგების ჯგუფი, რომელსაც პროფესორი ამალია პერესი ხელმძღვანელობს, სხვადასხვა გარემოში გაზრდილი აქტინიის ქსოვილს სწავლობს. მეცნიერების მიხედვით, იმ ცხოველებს, რომლებიც მრავალკომპონენტიან მინიეკოსისტემაში იზრდებიან, სტრესის უფრო ბუნებრივი დონე აქვთ, ვიდრე იმ ცხოველებს, რომლებიც საშენში მარტო იზრდებიან.

ამალია პერეს ხიმენესი, გრანადის უნივერსიტეტის ცხოველთა ფსიქოლოგიის პროფესორი:

„მრავალსახეობიან საშენში სხვადასხვა სახეობას შორის მრავალფეროვანი ურთიერთობები ყალიბდება, რაც ცხოველისთვის სასარგებლოა, რადგან ეს ბუნებრივ გარემოს ჰგავს. რასაკვირველია, ეს იგივე არ არის, მაგრამ ამის მიზანი ის არის, რომ რაც შეიძლება მიამსგავსოს.“

აქტინიების შესწავლამ შესაძლოა, კიბოსა და სხვა დაავადებათა განკურნების გზებს მიაგნოს: ლაურა კაბესას მიერ ჩატარებული ბიოსამედიცინო ექსპერიმენტების მიხედვით, ამ უხერხემლო ცხოველებისგან დამზადებულ გარკვეული მინარევების მქონე ნაყენს სინჯარაში კიბოს სიმსივნის ზრდის შეჩერება შეუძლია.

ლაურა კაბესა  მონტილია, გრანადის უნივერსიტეტის ბიომედიცინის მკვლევარი:

„ჩვენ ვაფასებთ, თუ რამდენად ეფექტიანად ანადგურებს ეს ნაყენი სიმსივნის უჯრედებს.   აქცენტს მსხვილი ნაწლავის კიბოზე ვაკეთებთ, თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ ეს სიმსივნის სხვა სახეებზეც გავრცელდეს.“

ზღვის აქტინიების დაცვა რთული ამოცანაა და დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, რამდენად შემცირდება აქტინიების ჭარბი და უკანონო მოპოვება ზღვაში.

მეცნიერებისა და აქტივისტების შრომამ სუფთა აკვაკულტურის მეთოდებთან ერთად, შესაძლოა ისევ გამოაცოცხლოს ჩვენი სანაპიროების მრავალფეროვანი სამყარო.

ავტორი: დენის ლოქტიე

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend