მთავარისაქართველოზამბარის ეფექტი - „ლოქდაუნით“ შეკუმშული ეკონომიკა

ზამბარის ეფექტი – „ლოქდაუნით“ შეკუმშული ეკონომიკა

ბოლო თვეების განმავლობაში რუსთავის ავტობაზრობაზე მანქანის შეძენის მსურველთა რაოდენობამ იმატა. ავტოიმპორტიორები იმედოვნებენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.

„შეიძლება ითქვას, რომ პანდემიის კრიზისით გამოწვეული ვარდნა ფაქტობრივად დაძლეულია. ბაზარი გამოცოცხლდა. შარშანდელთან შედარებით წელს სამჯერ-ოთხჯერ უფრო მეტი ბრუნვა გვქონდა. გაზრდილია ავტომობილების იმპორტი, შესაბამისად, საკმაოდ ოპტიმისტური მოლოდინი გვაქვს“, – ამბობს ავტობაზრობის დირექტორი ალექსანდრე ვეკუა.

შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად, ეკონომიკის ექსპერტები კიდევ ბევრი სხვა სექტორის გამოცოცხლებას ელოდებიან.

„ამის მიზეზი მარტივია – ერთი წლის განმავლობაში ხალხი ფულს ინახავდა, ახლა კი მისი დახარჯვის შესაძლებლობა გაუჩნდა. კრიზისის დროს მათი მოთხოვნა ასე ვთქვათ „შეკავებული“ იყო, ახლა კი ბაზრის ნდობა დაუბრუნდათ და ფულის დახარჯვის უფრო ნაკლებად ეშინიათ“, – ამბობს ბიზნეს-ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან ვეფხვაძე.

ბავშვობაში ალბათ ყველას გვიცდია ზამბარაზე თითის დაჭერით მისი შეკუმშვა.  თუმცა, როგორც კი მასზე ძალა აღარ მოქმედებს, იგი პირვანდელ მდგომარეობას ძალიან სწრაფად უბრუნდება.

სწორედ „ზამბარის ეფექტს“ ადარებენ ეკონომიკის ექსპერტები იმ მოსალოდნელ შედეგებს, რომელიც სავარაუდოდ შეზღუდვების მოხსნას მოჰყვება.

„პანდემიის დროს ეკონომიკა ფაქტობრივად გაჩერებული იყო, შეკუმშული. ბიზნეს-სუბიექტები გახსნას ელოდებიან. ამის შედეგად, მოკლევადიან პერიოდში  ეკონომიკა სწრაფად გაიზრდება და გამოცოცხლდება. ამ პროცესს „ზამბარის ეფექტის“ სახელით მოვიხსენიებთ.  თუმცა გრძელვადიან პერიოდში გაიფანტება და ისეთი ეფექტური შედეგი აღარ ექნება“, – ამბობს ეკონომიკის ექსპერტი სოსო ბერიკაშვილი.

შეზღუდვები იხსნება, საქართველოში უცხოელი სტუმრების რაოდენობა გაიზარდა, ეკონომიკა გამოცოცხლდა, თუმცა „ზამბარის ეფექტი“ ჯერ არ ამოქმედებულა.

ნინი დვალიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend